გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას, სავარაუდოდ, ორშაბათს დაასახელებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ჩამოსაყალიბებლად ორი დღე ითხოვა.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის გვექნება შესაძლებლობა, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარვადგინოთ.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ბესელიამ დაადასტურა, რომ რამდენიმე ცვლილება მინისტრთა კაბინეტში კიდევ იგეგმება.
“გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა არა მასშტაბური. შეიძლება იყოს რამდენიმე ცვლილება და ამისთვის ორი დღე ითხოვა პრემიერობის ახალმა კანდიდატმა. მან თქვა, რომ ის კონსულტაციებით, მათ შორის, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ჩამოყალიბდება მთავრობის ახალ შემადგენლობაზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.