ნინო კობახიძე: ირაკლი იყო ინოვატორული პრემიერი

ირაკლიმ, თავისი მისია, როგორც ქვეყნის მმართველმა, პირნათლად შეასრულა, -ასე ეხმაურება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს. კობახიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობა იყო გამორჩეული სიმშვიდითა და პრინციპულობით.
“მე ვარ ამაყი, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ირაკლი იყო ინოვატორული პრემიერი, მისი ინიციატივით შეიქმნა ისეთი პროექტები, რომლებმაც ქვეყანას გაუჩინა კიდევ უფრო სტაბილური მომავლის პერსპექტივა. მისი პრემიერობა იყო გამორჩეული სიმშვიდით და პრინციპულობით. მან თავისი სახელი დაამკვიდრა, როგორც წარმატებულმა ლიდერმა, რომელმაც ქვეყანა, ურთულეს პირობებში მიიყვანა ასოცირების ხელშეკრულებამდე და დაიწყო ევროინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი. ბედნიერი ვარ, რომ ვარ და ვიყავი ამ კარგი პრემიერის და, უპირველეს ყოვლისა, არაჩვეულებრივი ადამიანის გუნდის წევრი და წარმატებებს ვუსურვებ მას და ჩემს ქვეყანას ყველა კეთილ და დიდ წამოწყებებში.
ირაკლიმ, თავისი მისია, როგორც ქვეყნის მმართველმა, პირნათლად შეასრულა თავისი ხალხის წინაშე და დღეს წარმატებული პორტფელით გადააბარა მმართველობა ახალი განლაგებით გუნდს, რომელთან ერთადაც ჩვენ შევასრულებთ ყველა იმ წამოწყებულ გეგმას და პროექტს, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ასე წარმატებით განვითარება ჰპოვა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას“, – წერს ნინო კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები