“კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი მერაბიშვილისა და ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მას აქვს აჭარის კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის წერილი, სადაც ის აღიარებს, როგორ „ანეიტრალებდნენ“ „ნაციონალები“ პოლიტიკურ ოპონენტებს.
როგორც ლორთქიფანიძემ „პირველის“ პრესკლუბში განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამჟამად მყოფ აჭარის კუდის პირველი სამმართველოს უფროსის მოდგილეს ზაურ ახალაიას, აღნიშნული წერილი მთავარ პროკურატურაში აქვს გადაგზავნილი. დეპუტატის თქმით, ზაურ ახალაიამ საჭიროდ ჩათვალა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მან საზოგადოებას სრული სიმართლე უამბო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იგეგმებოდა ე.წ. სპექტაკლები.
„ზაურ ახალაია 2005 წლიდან არის მონაწილე იმ ბაქკანალიისა, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ზაურ ახალაიამ საჭიროდ ჩათვალა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მან საზოგადოებას სრული სიმართლე უამბო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იგეგმებოდა ე.წ. სპექტაკლები და როგორ აუბედურებდნენ ადამიანებს. საკითხი ეხება 2006 წლის ცნობილ დაპატიმრებებს, როდესაც პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები – თოფურია, დავითაია, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები დაიჭირეს, თითქოს, ეს ადამიანები სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებას და ძალაუფლების ძალისმიერად ხელში აღებას აპირებდნენ.
ზაურ ახალაია დეტალურად აღწერს, როგორ მოხდა ბათუმში, კუდ-ის შენობაში შეკრება, როგორ იყო ჩაბრძანებული მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და მასთან ერთად დათა ახალაია, რომლებმაც სოსო გოგიტიძის ოთახში შეკრიბეს წარმომადგენლები და დასახეს გეგმა, როგორ გაენეიტრალებინათ პოლიტიკური ძალები, რომლებიც იმდროინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ასევე მათი აგენტურული ქსელიდან, პოლიტიკური ოპონენტების რიგებში როგორ ჩაენერგათ ე.წ. აქტივისტები, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ ის ჩვენებები მიეცათ, რაც “ნაციონალებისთვის” იყო საჭირო. იქვე დაიგეგმა ყაჩაღობები კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლების მონაწილეობით, რომელიც აჭარის და გურიის საზღვართან, კოპიტნარში და თერჯოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს.
ზაურ ახალაიას განცხადებით, მან იცის, ვინ არიან ესენი, ვინ და როგორ შეუკვეთა, როგორ მოხდა ამ ადამიანების დაპატიმრება და მერე ცრუ მოწმეების მიერ ჩვენებების მიცემა. ცრუ ჩვენებების გამო, ცრუ მოწმეებმა 3 000-3 000 ლარი მიიღეს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
საპარლამენტო უმპრავლესობის დეპუტატმა მოუწოდა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს, რადგანაც, ლორთქიფანიძის შეფასებით, ზაურ ახალაია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საშიში მოწმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები