,,ნარინჯისფერი რთველი“ შეუფერხებლად მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ,,ნარინჯისფერი რთველი“ შეუფერხებლად მიმდინარეობს.
22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია – 5 ათას ტონამდე ციტრუსი.
სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 990 ათას ლარს მიაღწია (აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 494 ათას ლარამდეა).
სტანდარტული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი 16 549 ტ. (80.10 %), უკრაინა 2 690 ტ. (13.02 %), სომხეთი 574 ტ. (2.78 %), აზერბაიჯანი 205 ტ. (0.99 %), ყაზახეთი 1.97 % 407 ტ. (1.97 %), ბელორუსია 161 ტ. (1.15 %), სხვა ქვეყნები 74 ტ. (0.35 %). ამ ეტაპზე, მანდარინის მიღება-გადამუშავებას აწარმოებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში – Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ქედაში დაემატა შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,,გსქ კულა“.
საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებენ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროექტს, რომლის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წლევანდელ სეზონზე, აჭარისა და გურიის რეგიონებში მანდარინის ჩაბარება 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონშია შესაძლებელი.
,,ნარინჯისფერი რთვლის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, 2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი. ფუნქციონირებს „ცხელი ხაზიც“ – 2 47 01 01. ყველა დაინტერესებულ პირს ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.apma.ge შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები