გლდანის რაიონის გამგებელმა მოსახლეობას მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა

გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ ადგილობრივ მოსახლეობას, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
ერთი წლის მონაცემებით, გლდანის რაიონში 51 ობიექტზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, ჯამში, 2 271 933,28 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, კაპიტალურად შეკეთდა 3 ქუჩა, ჩატარდა გზის ორმოული სამუშაოები, დაიგო ბეტონის გზები, მოეწყო საყრდენი კედლები, საერთო სარგებლობის კიბეები.
მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 306 პროექტი 1 776864,18 ლარით დააფინანსა; გარემონტდა დაზიანებული სახლების სახურავები, გამაგრდა საცხოვრებელი სახლების საძირკველი, მოეწყო სპორტული მოედნები, სკვერები, დასასვენებელი პავილიონები, კიბის ბაქნები და საერთო სარგებლობის აივნები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოეწყო 390 ცალი პანდუსი, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამგეობის მიერ 148066,28 ლარი დაიხარჯა.
ბუნებრივი აირით აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენა-შეკეთების სამუშაოებისთვის ათვისებულ იქნა 107 877,54 ლარი. ამასთან, სოციალური დახმარება გაეწია 8 227 მოქალაქეს, მათ შორის მრავალშვილიან დედებსა და ომის ვეტერანებს, რისთვისაც გამგეობამ 1 344 960,37 ლარი გამოჰყო. კეთილმოეწყო 9 უფასო სასადილო, რომელიც 5 830 ბენეფიციარს ემსახურება. გამგეობამ ბინის ქირით უზრუნველყო 111 ოჯახი.
გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ, ანგარიშში ყურადღება, ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებზე გაამახვილა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან ერთი წლის განმავლობაში 100 000 ლარი დაიხარჯა. ანგარიშის ბოლოს ბესიკ ქარცივაძემ სამომავლო პროექტებსა და გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური იქნება. გლდანის რაიონის გამგეობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამგეობის შენობაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები