ადვოკატი: მაგდა პაპიძე მიმალვას არ აპირებს პირიქით, თბილისში აპირებს ცხოვრების გაგრძელებას

მაგდა პაპიძე დაინტერესებულია, რომ ეს საქმე გაიხსნას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ განუცხადა.
ადვოკატი მოითხოვს, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების არცერთი ფორმა არ გამოიყენონ. “მაგდა პაპიძე დაინტერესებულია, რომ ეს საქმე გაიხსნას. ის არ აპირებს მიმალვას, პირიქით, თბილისში აპირებს ცხოვრების გაგრძელებას. ამასთან, საქმეში არ არსებობს მისი აღიარებითი ჩვენება. არსებობს მტკიცებულებები, რომ ის უდანაშაულოა. მაგდა პაპიძე ამტკიცებს, რომ ის იმყოფებოდა სახლში, მეუღლე და შვილი გასულები იყვნენ გარეთ. როდესაც ის მოსაძებნად გავიდა, შემთხვევით დაინახა სადარბაზოში დავარდნილი მეუღლე და შვილი. მაგდა პაპიძის თქმით, არავის ხმა არ გაუგია. ამის შემდეგ, როცა მაგდა ცდილობდა მათ საავადამყოფოში გადაყვანას, ამ დროს დაუძახა საშველად დედამთილს”, – განაცხადა მაგდა პაპიძის ადვოკატმა.
პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე ბრალდებულ მაგდა პაპიძის აღიარებითი ჩვენება არ არსებობს, გამოძიების ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, პაპიძის დანაშაულზე მიუთითებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ, ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაგდა პაპიძეს 109-ე მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები