თინა ხიდაშელი: მინდა პრეზიდენტს მადლობა ვუთხრა

თუკი შესაძლოა, ვისაუბროთ იმაზე, რომ არსებობს დედა, რომელმაც გადაარჩინა სხვა დედის შვილები, ალბათ ასეთები ირინა ენუქიძე და ია მეტრეველი არიან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში განაცხადა.
“თუკი შესაძლოა, ვისაუბროთ იმაზე, რომ არსებობს დედა, რომელმაც გადაარჩინა ძალიან ბევრი სხვა დედის შვილები, ალბათ ირინა ენუქიძე და ია მეტრეველი არიან ასეთი დედები. მინდა პრეზიდენტს მადლობა ვუთხრა ირინა ენუქიძის წვლილის დაფასებისთვის, მის მიერ დაწყებული საქმის დაფასებისთვის. საქართველოს მუდამ სჭირდება ამის გახსენება, რომ აღარასოდეს დაგვემართოს განუკითხაობა, აღვირახსნილობა სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან, რასაც შეეწირა სანდრო გირგვლიანი, ირინა ენუქიძე და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაშინდელ საქართველოში”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, სისტემა დაანგრია არა სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ, არამედ – ირინა ენუქიძის გმირობამ.
“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, სულ პირველი საჯარო განცხადება, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაკეთდა, იყო სწორედ ირინა ენუქიძის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა და ამის დაფასება. ეს სჭირდება მის ოჯახს, სჭირდება საქართველოს, რომ ამბავი, რომელმაც ქვეყანა უმძიმესი მდგომარეობიდან გამოიყვანა, შეუმჩნეველი არ დარჩეს. ამიტომ არის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
გიორგი მარგველაშვილმა ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ირინე ენუქიძე, გარდაცვალების შემდეგ, თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები