„ცილისწამების ისეთი დიდი ნიაღვარი წამოვა, ბესელია და კობახიძე შეიძლება მონაგონი გახდნენ“

„ახალი წლის შემდეგ ხელისუფლების მიმართ ცილისწამების დიდი ნიაღვარი წამოვა. მინდა საზოგადოება ამისთვის მზად იყოს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ქანთარიას შეფასებით, ასეთივე ცილისწამება იყო ელისაშვილის ბრალდება, თუმცა, დეპუტატის თქმით, წინ საარჩევნო წელია და ბევრი ისეთი ავანტიურა, სპეკულაცია და ცილისწამებაა მოსალოდნელი, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე შეიძლება მონაგონი გახდნენ.
„ ეს პროცესი დაწყებულია. ეს ცილისწამებები შესაძლოა, იმდენად მრავალფეროვანი იყოს, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე მონაგონი გახდნენ. საზოგადოებამ ძალიან საღად უნდა შეხედოს ამ ამბებს. ადამიანი, რომელსაც არავითარი ფაქტები არ აქვს და მხოლოდ ასე ზეპირად შეიძლება ვინმეს რამე დააბრალოს, მას საზოგადოების მხრიდან ეს ყველაფერი უკან უნდა დაუბრუნდეს. ასეთი საკითხი იყო პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები. მას მოჰყვა შემდეგი პერიპეტიები, რომელიც თავიდან ელისაშვილის საახალწლო ხუმრობა მეგონა, მერე ვფიქრობდი, ეს ხომ არ იყო სურვილი, მძაფრსიუჟეტიან თავგადასავალში ჩაჯდეს ადამიანი. ამას ის ვერასდროს დაამტკიცებს. ამდენი ხნის განმავლობაში მას არავითარი საბუთი არ დაუდვია. საარჩევნო წელია და ბევრი ავანტიურა, სპეკულაცია და ცილისწამება იქნება, რომ როგორმე ველზე გამოჩნდეს ის ხალხი, რომელიც საზოგადოებისგან კარგა ხანია მივიწყებულია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტი მარგველაშვილიც გააკრიტიკა. მისი თქმით, შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, პოზიცია პრეზიდენტს უნდა გამოეხატა. მარგველაშვილის სიჩუმე დეპუტატს კითხვებს უჩენს. „მე აქ ძალიან სერიოზული კითხვა მიჩნდება, რატომ დუმს ამ დროს პრეზიდენტი? რა არის ეს დუმილი, თანხმობის ნიშანია? შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით რატომ არ აკეთებს კომენტარს, როდესაც შეწყალების კომისია ფაქტობრივად მისია და, პირველ რიგში, მას უნდა გაეკეთებინა განცხადება და თავისი დამოკიდებულება გამოემჟღავნებინა. ეს გარკვეულ კითხვებს მიჩენს. წინ არის კიდევ ავანტიურისტული სერიალები, რომლის მოწმენიც ჩვენ გავხდებით“, – აღნიშნა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები