კახა კალაძემ ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან საჯარო შეხვედრა გამართა.
მინისტრმა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება-გამოყენებაზე, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობასა და მათ მიმდინარეობაზე, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე და მომავალში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. მან ასევე დააათვალიერა პროექტები, რომლებიც სტუდენტებმა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდის დაფინანსებით შეასრულეს.
კახა კალაძის ინიციატივით, სტუდენტებთან საჯარო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
მინისტრის ინიციატივის თანახმად, სტუდენტებს სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდებიან. აღნიშნული აუცდიენციის შედეგად, სტუდენტები კონკრეტული ენერგეტიკული კომპანიების საქმიანობას დეტალურად გაეცნობიან. 2013 წლიდან, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ სტუდენტებისათვის, ქვესადგურის „ნავთლუღი-220“ ბაზაზე ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომლის ტერიტორიაზეც მოწყობილია პოლიგონი და თანამედროვე ლაბორატორია. სამუშაო გარემო მაქსიმალურად არის მიახლოებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც კურსდამთავრებულებს შემდგომში მოუწევთ მუშაობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, კომპანიაში სწავლების კურსი 60 სტუდენტმა გაიარა, მათგან 95% კი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები