სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებები განიხილეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელეს.

სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ოსაძე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ერთწლიანი მონიტორინგის შედეგების შეჯამებას.

ანგარიშზე ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივად მუშაობდა და მასში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი, მათ შორის უკვე შესრულებული ვალდებულებებია განხილული. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვისა და პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით პოზიტიური სიახლეებია. კერძოდ, განვითარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაიხვეწა მენეჯმენტის საქმიანობა.

ნინო ოსაძის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის აღნიშნული ვალდებულებების შესრულება ძალზედ მნიშვნელოვანია.

„შეხვედრა ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ერთწლიანი მონიტორინგის შედეგების შეჯამებას ისახავდა მიზნად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამინისტრომ განახორციელა. საუბარია, წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ფარგლებში გატარებულ ყველა ღონისძიებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ასევე, იმ ცვლილებებზე, რომელიც სამინისტრომ 2016 წელს უნდა განახორციელოს. ცალსახაა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის აღნიშნული ვალდებულებების შესრულება ძალზედ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნინო ოსაძემ.

შეხვედრაზე საკუთარი მოასზრებები არასამთავრობო ორანიზაციებმაც დააფიქსირეს. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დირექტორის, ქეთი ხუციშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შესრულებულ ვალდებულებებში ორი ძირითადი მიმართულებაა განსაკუთრებით ხაზგასმული.

„წარმოვადგინეთ ანგარიში, თუ როგორ სრულდებოდა ასოცირების ხელშეკრულება და ასოცირების დღის წესრიგი. ანგარიში მოიცავს ერთ წელს და მასში საუბარია იმ წარმატებებსა და მიღწევებზე, რომელიც ქვეყანას ჰქონდა და ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე რჩება. რაც შეეხება სასჯელაღსრულების უწყებას, აღნიშნულია, რომ მართვის თვალსაზრისით ბევრად გაუმჯობესებული სიტუაციაა, ასევე ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ჯანდაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები