თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე 19 საკითხი განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 19 საკითხი განიხილეს. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა სარევიზიო კომისიის გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ განაცხადა, შემოწმება უკვე დასრულებულია 42 ორგანიზაციაში, ხუთი კი შემოწმების პროცესშია და უკვე მიმდინარეობს აქტებზე მუშაობა.

დეპუტატის განმარტებით, კომისიის მიერ შემოწმებულ ორგანიზაციებზე შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა, რაც შეეხება დაწესებულებებს, სადაც დამატებითი კითხვები გაჩნდა, შემოწმება-ანალიზის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებში გადაიგზავნა.

საკრებულოს წევრებმა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის მეორე კატეგორიის სამუშაოებისთვის 50-პროცენტიანი ავანსის გაცემის შესაძლებლობასა და კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლების გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

,,ცვლილებები იმ ოჯახების დახმარების გაცემის პირობებისა და ოდენობის დადგენას ითვალისწინებს, რომლებიც, წესის მიზნებიდან გამომდინარე, არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად, თუმცა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდნენ კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დაენგრათ ან დაუზიანდათ მათ საკუთრებაში არსებული სახლები. ამასთან, იმ პირებს, რომელთაც მიღებული აქვთ ფულადი დახმარება, მაგრამ სიის დამტკიცების შემდეგ აღმოჩნდება, რომ მათი ოჯახის წევრების რაოდენობა აღემატება იქამდე არსებულ მონაცემებში განსაზღვრულ რაოდენობას, დამატებით მიეცემათ ფულადი დახმარება უკვე ანაზღაურებულ და ამ წესით დადგენილ თანხებს შორის სხვაობის ოდენობით“,- განაცხადა კარლო ლაფერაძემ.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თქმით, წესის შესაბამისად გამგეობას ეძლევა შესაძლებლობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელ პირებზე ავანსის სახით გასცეს საერთო ღირებულების 50 %. აღნიშნულ ცვლილებებს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

სხდომაზე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთისა და ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისა და არასამეწარმეო იურიდიული პირისთვის WORLD VIZION INTERNATIONAL-ის ფილიალი საქართველოში იჯარის ვადის გაგრძელების თაობაზე იმსჯელეს.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი, დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელებმა გააცნეს, რომლებიც, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგის გეგმარებითი დავალებების განხორციელებას, პროექტების შეთანხმებასა და დამტკიცებას ეხებოდა. დეპუტატებმა დედაქალაქში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის საკონკურსო კომისიის შექმნასა და შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს. სხდომას დედაქალაქის მერიისა და სხვადასხვა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები