რა მიზნით ჩავიდა ლალი მოროშკინა მოსკოვში

“ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა რუსეთის დედაქალაქში იმყოფება.
“კვირა“ დაინტერესდა, რა მიზნით ჩავიდა ის მოსკოვში და ამ კითხვით თავად ლალი მოროშკინას დაუკავშირდა.
როგორც მოროშკინამ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მან მოსკოვში, ორგანიზაცია “ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს ” ეგიდით, იმ ქართველ ქალბატონებთან გამართა შეხვედრები, რომლებიც წლებია რუსეთში ცხოვრობენ და მუშაობენ.
მოროშკინას თქმით, ის ასევე შეხვდა რუსეთში გავლენიან ადამიანებს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას მიესალმებიან.
“ორგანიზაცია “ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოს“ ეგიდით გავმართე შეხვედრები რუსეთში მცხოვრებ ქართველ ქალბატონებთან. მათი დიდი სურვილია, რომ ნახონ საქართველოში მყოფი ოჯახების წევრები, ნათესავები, თუნდაც საახალწლოდ. მათ დიდი იმედი აქვთ, რომ უვიზო მიმოსავლასთან დაკავშირებით საკითხი დადებითად გადაწყდება. ასევე შევხვდი რუსეთში გავლენიან ადამიანებს, ისინი მიესალმებიან საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას“,- განუცხადა “კვირას“ ლალი მოროშკინამ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებაზე, პრემიერ ღარიბაშვილის გამოხმაურებას, ლალი მოროშკინა ადეკვატურს უწოდებს.
“ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეაქცია პუტინის ინიციატივაზე ძალიან ადეკვატური იყო, უვიზო მიმოსვლის ამოქმედება როგორც რუსეთთან, ისე ევროპასთან, ეს იქნება უდიდესი შეღავათი იმ ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებსაც სამშობლოდან შორს უწევთ ყოფნა იმისთვის, რომ ოჯახები არჩინონ. პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის რუსეთთან უვიზო მომისვლა წინაპრების საფლავების და ნათესავების ნახვის საშუალება გახდება. რაც შეეხება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობას, ეს ურთიერთობები ჩვენ, ჩვენივე ძალისხმევით უნდა დავალაგოთ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და ამაში რუსეთმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი – ესაა მთავარი მესიჯი“,- აღნიშნა ლალი მოროშკინამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები