ჯაბა ჯიშკარიანს გურამ რამიშვილის სახელობის სკოლისთვის გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის დიპლომი გადაეცა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ჯაბა ჯიშკარიანს გურამ რამიშვილის სახელობის N20 საჯარო სკოლისთვის გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის „საპატიო მეოცე სკოლელის“ დიპლომი გადაეცა.
როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიება სკოლაში შემოქმედებითი სალონის გახნის ცერემონიალს ეძღვნებოდა, რომლის მიზანასაც სკოლის კურსადმთავრებულთა და სკოლის ამჟამინდელ თაობას შორის კავშირის დამყარებასა და აღდგენას წარმოადგენს.
დეპუტატი დამსწრე საზოგადეობას მიესალმა და სკოლის დირექციას და იდეის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის, როგორც ამ სკოლის კურსდამთავრებულისთვის, ამ შენობის ყოველი კუთხე ძალიან მშობლიურია და ეს დღეც ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანია. დღევანდელი დღე მიზნად ისახავს არა მხოლოდ N20 სკოლის კურსდამთავრებულთა და ამჟამინდელ აღსაზრდელთა შორის კავშირის აღდგენას, არამედ ამ სკოლის იმ წარმომადგენელთა წარმოჩენასაც, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ საქმიანობაში. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაგალითია, რომელიც სხვა სკოლებმაც უნდა გაიზიარონ“,-განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ღონისძიება სხვადასხვა მუსიკალური და თეატრალური ნომრით სკოლის აღსაზრდელებმა გააფორმეს. „საპატიო მეოცე სკოლელის“ დიპლომი, ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, მთაწმინდის რაიონის გამგებელს, გელა არჩვაძესაც გადაეცა.