ლევან ვასაძე ხელისუფლებას მედიის გაკონტროლებისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მედიისა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების გაკონტროლების მიზნით ხელისუფლებას საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს. როგორც ლევან ვასაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს წინა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მოქალაქეებისა და საქმოსნების რეაბილიტაციისა და კომპენსაციის პროგრამა.
“თუ ამ ღონისძიებების გატარების პროცესში თქვენ გამოიწვევთ შეშფოთებას გარკვეულ უცხოურ წრეებში, ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ თქვენი მადლობელი იქნება. თუ ამავე პროცესში საქართველოს დააქვეითებენ ჭინკურ ე.წ. თავისუფლების რეიტინგებში, მიიღეთ ეს როგორც ჯილდო და ნიშანი იმისა, რომ ეტყობა რაღაცას აკეთებთ ქვეყნის სასიკეთოდ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, ჩვენს ქვეყანას ელოდება კიდევ უფრო მეტი როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორით გამოწვეული არეულობა და განსაცდელი, ხოლო თქვენ კი – იმ მატერიალური ძალაუფლებისა და რესურსების დაკარგვა, რომელსაც, გეჩვენებათ, რომ ასე ჭკვიანურად უფრთხილდებით”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისი თქმით, გვიახლოვდება კაციობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის გამომწვევი ე.წ. დიდი ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავი. “იქნებ მათ შორის, მთელ მსოფლიოში ისევ ტრიალებს მესამე მსოფლიო ომის სახიფათო სურნელი. არნახულად გაზრდილია ძალადობა და აგრესია ტრადიციული ქვეყნების ცხოვრებაში.
ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც, ბუნებრივია, კაცობრიობის საერთო სახლის ნაწილია, ვხედავთ ამ აგრესიის მკვეთრ ლოკალურ გამოვლინებებს. როგორც ყოველთვის, აგრესიის მთავარი სამიზნე არის ჩვენი ეკლესია, ოჯახი და ჩვენი ეროვნული ღირებულებები. ქვეყნის ცენტრალური ტელეარხებიდან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ქცეულა გაუნათლებლობის, უგემოვნებით, აგრესიისა და უზნეობის მთავარ წყაროებად, გაისმის მოწოდებები ეკლესიაზე შეტევისაკენ. ჩვეულებრივ ამბად იქცა, საჯაროდ, ცნობილი გარყვნილი არაადამიანების მხრიდან, ქართული ოჯახური და ეროვნული ტრადიციების დაცინვა და შეურაცხყოფა “, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
მისი თქმით, ყველაზე საშიში ის არის, რომ ამგვარი პოლიტიკის გაგრძელებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს.
“უკვე დაიწყო ჭინკების ცემა-ტყეპა ხალხის მხრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს არის თქვენი პასიურობის შედეგი. როდესაც ხალხი ხედავს, მის ღირსებას არ იცავს მისი რჩეული კანონიერი ხელისუფლება, იგი საკუთარ ხელში იღებს ამ ღირსების დაცვის სადავეებს”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები და შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც უმკაცრესად გააკონტროლებს მედიასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც მკაცრად დასჯის და საქმიანობას აუკრძალავს თითოეულ მათგანს ქვეყნის ტრადიციული ღირებულების შეურაცხყოფის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები