ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უვიზოდ – ბარიერების გარეშე გადაადგილებას
“ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უვიზოდ გადაადგილებას – ბარიერების გარეშე”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
“გუშინ ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ხელისუფლების განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. მე ამას გუშინვე გამოვეხმაურე. ვფიქრობ, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩვენმა სახელმწიფომ ასეთი ჟესტი, ასეთი ნაბიჯი ჯერ კიდევ 2011 წელს გადადგა. მე ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უვიზოდ – ბარიერების გარეშე გადაადგილებას.
ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, რა თქმა უნდა, ხდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე.