საჯარო რეესტრმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა. ღონისძიებას იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც NSDI-ს პროექტში არიან ჩართულები. მონაწილეებმა 2015 წლის განმავლობაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები და აქტივობები შეაფასეს. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეები პროექტის საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო სტრატეგიებსაც გაეცნენ, დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც. კონფერენციის მეორე ნაწილი კი სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და იმ პროექტების წარდგენას დაეთმო, რომელთა განხორციელებაც გეოგრაფიულ მონაცემებს უკავშირდება.
NSDI ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა და ვებპორტალის (გეოპორტალის) საშუალებით, დაინტერესებული პირებისთვის მაღალი ხარისხის, ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების წარმოებასა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს. პროექტის განხორციელების შედეგად კიდევ უფრო ეფექტური გახდება გარემოსდაცვითი საკითხების, კატასტროფების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვასახის პროექტების მართვა და ფუნქციონირება; გამარტივდება სხვადასხვა ორგანიზაციას შორის მონაცემების გაცვლის პროცესი, შემცირდება ინფორმაციის მიღების დრო და რესურსი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების კუთხით მიმდინარე წელს გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
„ჩვენი მიზანია, საქართველოში არსებული გეოგრაფიული მონაცემებიდან მიღებული საზოგადოებრივი სარგებელი მაქსიმუმამდე გაიზარდოს. ამ პროცესში თითოეული სახელმწიფო უწყების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. NშDI-ს კუთხით მუშაობა მომდევნო წელსაც ინტენსიურად გაგრძელდება”,-აღნიშნა მან.
საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. NშDI-ს განხორციელებაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც NSDI-ის შექმნისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას საჯარო რეესტრი უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები