პროკურორებს ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო – BELA AWARD-ი გადაეცათ

პროკურორებს მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო – BELA AWARD-ი გადაეცათ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროკურორებს – გიორგი ხაჩიძეს, სოსო სალთხუციშვილს, თამარ მისაბიშვილს და ლონდა თოლორაიას პროკურორ ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო – BELA AWARD-ი გადასცა. პროკურორების დაჯილდოება თბილისის იუსტიციის სახლში არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის მუშაობის 5 წლის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაზე მოხდა, რომელშიც პროგრამაში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მთავარი პროკურორის მოადგილემ ბელა ბერიკელაშვილის მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის მისი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა და მათ ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო – BELA AWARD-ი გადასცა. აღნიშნული ჯილდო დღეიდან პროკურორებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ.
“საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ევროკავშირის პროექტს “სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” და მის ხელმძღვანელს – ქალბატონ რენატე ვინტერს გამოჩენილი ინიციატივისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა იდეის განხორციელებაში და ჯილდოს დიზაინის შექმნაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ხელოვანს ოთარ ცაგარეიშვილს, რომელსაც ეკუთვნის ჯილდოზე დატანილი ნახატი”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები