ლორთქიფანიძე ელისაშვილზე: „არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით კეთდება“

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ შეწყალების კომისიის წევრების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოეხმაურა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, „ჯერჯერობით საქმე გვაქვს ისეთ ფაქტთან, როდესაც კვამლია და ცეცხლი არ ჩანს“. „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თუ ელისაშვილის ბრალდებები შესაბამისი არგუმენტებით და მტკიცებულებებით არ გამყარდება, შესაძლებელია სამართლებრივად ამოქმედდეს ნორმა, რომელიც ცრუ დასმენისთვის, ან განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისთვის გარკვეულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
დიმიტრი ლორქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით იყოს გაკეთებული.
„უმძიმეს დანაშაულში არიან დადანაშაულებულები პოლიტიკური თანამდებობის პირები. თუკი ელისაშვილის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია არ აღმოჩნდება სიმართლე, არ გამყარდება კონკრეტული არგუმენტებით და მტკიცებულებებით, ისმის კითხვა – მხოლოდ სამოქალაქო ნაწილში უნდა შემოიფარგლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პრინციპი? სხვა მხრივ არ უნდა იზღუდებოდეს ადამიანის პირდაპირი, რევანშისტული განზრახვა იმისა, რომ მოხდეს ადამიანის საქმიანი და პიროვნული რეპუტაციის შელახვა? მიუხედავად ბრალდებებისა, ჯერ კონკრეტული არგუმენტი და მტკიცებულება არ ისმის. თუ აღმოჩნდება, რომ ეს ბრალდებები არგუმენტებით და მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, სამართლებრივად ამოქმედდეს ნორმა, რომელიც ცრუ დასმენისთვის, ან განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისთვის გარკვეულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდეს. ბატონი ალეკო ელისაშვილი ჩემს თვალში ყოველთვის პატივისცემით სარგებლობდა, ბევრჯერ ვყოფილვარ მისი რესპონდენტიც. მან გადმოინაცვლა პოლიტიკაში და არ მინდა მრჩებოდეს შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით კეთდება“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები