ბოლნისში ახალი მუზეუმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ბოლნისში ახალი მუზეუმის პროექტის შესახებ. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა დოლიძე უძღვებოდნენ.
პრესკონფერენციაზე შედგა ბოლნისის ახალი მუზეუმის შენობის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც კონკურსში გამარჯვებული კომპანიის – „არქიტექტორები.ჯი“-ს არქიტექტორმა გაგა კიკნაძემ წარმოადგინა. ბოლნისის ახალი მუზეუმის პროექტსა და სამშენებლო სამუშაოებს ფინანსურად სრულად უზრუნველყოფს კომპანია „არემჯი“.
2015 წლის აგვისტოში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ბოლნისის ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე. კონკურსში მონაწილეობა სულ ორმა კომპანიამ მიიღო.
„ბოლნისის ახალი სამუზეუმო – საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში პროექტების განმხილვევლი კომისიის“ შეფასების შედეგად გაიმარჯვა კომპანიამ „არქიტექტორები.ჯი“. მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს დაიწყება. თანამედროვე სტანდარტის ბოლნისის მუზეუმი იქნება საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი საინტერესო კოლექციებით. მუდმივმოქმედი გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბოლნისისა და ქვემო ქართლის რეგიონის მდიდარი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს დმანისის ჰომინიდები, უძველესი მიწათმოქმედების ძეგლები და მეტალურგია, საყდრისი-ყაჩაღიანზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები, რეგიონის ქრისტიანული ძეგლები, ქართული დამწერლობის პირველი ნიმუში, გერმანელ მიგრანტთა (ე.წ. კოლონისტები) დასახლება ბოლნისში და ა.შ.
ბოლნისის მუზეუმს ასევე ექნება ფონდსაცავი, სადაც დაცული იქნება რეგიონში არსებულ ძეგლებზე მოპოვებული მდიდარი კოლექცია; ამასთანავე, მუზეუმში მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. დაგეგმილია მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა, მუზეუმში იმუშავებს ბიბლიოთეკა/მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები