გიორგი ბარამიძე: ჩვენ ვემიჯნებით სისხლის სამართლის პროცესში კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ წარსულს

 

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ჩვენ მკვეთრად ვემიჯნებით სისხლის სამართლის პროცესში კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ წარსულს, – ამის შესახებ გიორგი ბარამიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის დღევანდელი სხდომა მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებების პროექტის განხილვით განახლდა.

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 73 ხმით მიიღო.

“ამიერიდან მოწმე ჩვენების მისაცემად აღარასდროს იქნება საგამოძიებო ორგანოში დაბარებული და აღარ იქნება ვალდებული ჩვენება საგამოძიებო ორგანოს მისცეს. გარკვეული პირობების შემთხვევაში იგი შეიძლება სასამართლოში – მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. იმის განურჩევლად, თუ რას იტყვიან ოპოზიციის წარმომადგენლები, პირობა იმისა, რომ მოწმე შეიძლება მხოლოდ სასამართლოში დაიკითხოს, შესრულებულია”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ერთი მხრივ, პირს არ ექნება ვალდებულება, გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში და გამომძიებელს, პოლიციელს ჩვენება მისცეს. ამის სანაცვლოდ, ე.წ. გამოკითხვის ინსტიტუტი ამოქმედდება – როდესაც პირი, საკუთარი სურვლის შემთხვევაში, უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს ინფორმაცია მისცეს, მაგრამ ინფორმაციის მიცემის ვალდებულება არ ექნება. ამასთან, თუკი გამომძიებელს, პროკურორს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა მომხდარი დანაშაულის შესახებ იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამოკითხვაზე უარს ამბობს, პროკურორის, გამომძიებლის შუამდგომლობით, ასეთი პირი შეიძლება მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის გარკვეულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ის ძველი წესი ნარჩუნდება, რომელიც ჩვენების მისაცემად მოწმის სწორედ საგამოძიებო ორგანოში დაბარებას ითვალისწინებს.

2017 წლის 31 დეკემბრამდე ასეთი წესით მოწმეებს ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელიც ეხება: – განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას, ძარცვას, ყაჩაღობას, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, შეთქმულებას ან ამბოხს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებს და სხვა. პროექტის ავტორები არიან: იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მოწმის დაკითხის ახალი წესი 2015 წლის 31 დეკემბრიდან შედის ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები