მერია მუნიციპალური ავტობუსების პარკის მშენებლობაზე აქტიურად მუშაობს

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში გათვალისწინებულ მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტებს შორის, 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიცაა:
1. ხიდების და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 17 მილიონ 800 ათასი ლარი, მათ შორის, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მოწყობა;
2. 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა – 7 მილიონ 800 ათასი ლარი;
3. ქალაქის განვითარების პროგრამის ფარგლებში – 42 მილიონი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია მარჯანიშვილის მეტროდან ზაარბრუკენის მოედნამდე ტერიტორიის განვითრება და შენობების რეაბილიტაცია – 19 მილიონი ლარი; გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 7 მილიონ 700 ათასი ლარი;
4. 7 მეტროს სადგურის – ვაგზლის მოედანი-1, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი, ვარკეთილი და ახმეტელის თეატრი კაპიტალური რეაბილიტაცია – 7 მილიონი ლარი;
5. ახალი რაგბის მოედნის მშენებლობა – 6 მილიონი ლარი, რომელიც რაგბისტების ახალი თაობების აღზრდას მოემსახურება და უმასპინძლებს 2017 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს;
6. ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა – 3 მილიონი ლარი;
7. ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა;
თბილისის მერის განცხადებით გარდა ამისა, ქალაქისათვის ორი უმნიშვნელოვანესი სფეროსათვის განხორციელდება თანხების მოძიება დონორი და საფინანსო ინსტიტუტებიდან. 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია საქალაქო ავტობუსების პარკის განახლება 150 ერთეულით. ასევე, დაგეგმილია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის პირველი და მეორე უჯრედის დახურვისა და გაზშემკრები მილების მშენებლობისათვის 9 მილიონ 600 ათასი ლარისა და ახალი მე-3 უჯრედის მშენებლობისათვის 13 მილიონ 400 ათასი ლარის მოზიდვა.
ნარმანიას ინფორმაციით, ამასთან, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მუნიციპალური ავტობუსების პარკის მშენებლობისთვის დამატებითი თანხების მოძიებასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც საჭიროა 19 მილიონი ლარი.
მთლიანობაში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები