მოსამართლე ბრალდებებს პასუხობს და საგამოძიებო უწყებას მიმართავს – “უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ”

არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით – ასე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ახლობლების ბრალდებებს.
მსჯავრდებულების – ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს.
როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი საგამოძიებო უწყებას მიმართავს, შეისწავლონ აღნიშნული განცხადება, რომლის მიხედვითაც გასამართლებულების ახლობლები მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ და თუკი გამოიკვეთება დანაშაული, დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.
“გადაწყვეტილი მაქვს, მივმართო საგამოძიებო ორგანოს, სათანადო რეაგირებისთვის. არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც, მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად, სამწუხაროდ, მონაწილეობდა ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. მან ნაცვლად იმისა, რომ კარგად შეესწავლა საქმის მასალები და სამართლებრივი გზებით ეზრუნა კლიენტის ინტერესების დასაცავად, ასეთი ბინძური კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო”, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა. მისი თქმით, მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მათ თავისუფლად შეეძლოთ მოსამართლის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით. მოსამართლის განცხადებით, მსჯავრდებულების ახლობლების განცხადება ქრთამის აღებასთან დაკავშირებით, ლოგიკას არ ექვემდებარება.
“მათ შეეძლოთ, ჩემს ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა თავისუფლად. დეკლარაციაში მითითებულია ჩემს მიერ აღებული კრედიტის ოდენობა, რომელიც ავიღე 2011 წელს და მას მერე წლების განმავლობაში ვფარავ ყოველთვიურად. ასევე დეკლარაციაში მითითებულია ჩემი ყოველწლიური შემოსავლის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება ჩემ მიერ წინმსწრებად გადახდილი თანხის ოდენობას. არავითარი ორი სესხი მე არ მაქვს. მქონდა ერთი სესხი ორჯერ გამოყენებული იპოთეკით, რაც განპირობებული იყო კრედიტის თავდაპირველად დოლარში აღებით და მოგვიანებით ლარში გადატანით”, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა. რაც შეეხება მისი ძმის პროკურატურაში მუშაობას, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულების ახლობლებს არასწორი ინფორმაცია აქვთ თანამდებობასთან დაკავშირებით. ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, მისი ძმა პროკურატურის სისტემაში 15 წლის განმავლობაში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში არცერთი სამართლებრივი შენიშვნა ამ მიმართულებით მხარეებს არ ჰქონიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები