ტოვებენ თუ არა „რესპუბლიკელები“ კოალიციას – ზურაბიშვილი აუცილებელ ცვლილებებზე საუბრობს

„ჩვენ ვთვლით, რომ ის, რაც არის, დღეს აუცილებლად შესაცვლელია. ამ ვითარებაში გასვლა კოალიციიდან, კოალიციისთვისაც, „რესპუბლიკური პარტიისთვისაც“ და ქვეყნისთვისაც წამგებიანი იქნება, მაგრამ საჭიროა ცვლილებები. დანარჩენი შიდა კოალიციური მოლაპარაკების საგანია“, – აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ზურაბიშვილის განმარტებით, კოალიცია თავის დროზე სპეციფიკურ ვითარებაში შეიქმნა და ახლა ამ სპეციფიკური ვითარებიდან სხვა ტიპის ვითარებაში, გარდამავალ პერიოდში იმყოფება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ, მართლაც, რაღაც-რაღაცებია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვნად ვიყოთ არჩევნებზე წარმოდგენილნი. ჩვენ არ ვართ განწყობილნი იმისთვის, რომ გინდა თუ არა კოალიცია დავტოვოთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო პრიორიტეტულია ჩვენთვის კოალიციაში ყოფნით სიტუაციის გაუმჯობესება და ახალი მიდგომების პრეზენტირება საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ რეალური ცვლილებებისკენ მივდივართ. ეს არ იყო ის ტიპური კოალიცია, როგორიც ევროპაში ხდება. ევროპაში წინასწარ არის ხოლმე განზრახული, რაში აქვთ თანხმობა, რაში არიან ერთნი, რაში ინაწილებენ პასუხისმგებლობას. ეს კოალიცია მაინც იყო ერთი პიროვნების გარშემო შეკრებილი და მიმართული იყო ერთი ხელისუფლების წინააღმდეგ. თავის დროზე ის ამ სპეციფიკურ ვითარებაში შეიქმნა და ახლა ამ სპეციფიკური ვითარებიდან სხვა ტიპის ვითარებაში, გარდამავალ პერიოდში ვართ. ასეთ სიტუაციებში ევროპის კოალიციები ითვალისწინებს კოალიციურ შეთანხმებებს. ზოგჯერ ხდება, რომ არჩევნებზე ცალკე გადიან და მერე ხდება შეთანხმება. ვფიქრობთ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილში ჰგონიათ, რომ საზოგადოება გაცილებით რეტროგრადული და ჩამორჩენილია, რეალურად კი ჩვენი საზოგადოება გაცილებით წინ არის. ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი ჩარჩენილია სხვა ეპოქაში და იმ გადმოსახედიდან უყურებს რეალობას, რომელიც პრინციპულად სხვაგვარია“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განმარტებით, ეს დამოკიდებულება, ნაწილობრივ, შეწყალებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას  უკავშირდებოდა.
„ერთია, რას აბობს საპატრიარქო და პატრიარქი და მეორეა, როგორი რეაქცია აქვთ ამაზე პოლიტიკოსებს. სახელმწიფოს ფუნქციები სასულიერო პირს ექსკლუზიურად არ უნდა გადაეცეს“,- აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები