იოსებ სუმბათაშვილის საიუბილეო ექსპოზიცია

დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში იოსებ სუმბათაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება კინოსა და თეატრის ესკიზები და პორტრეტები, რომელიც ხელოვნების სასახლისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის არქივებშია დაცული; დამთვალიერებელი ასევე იხილავს ნამუშევრებს არჩილ გელოვანისა და ალექსანდრე ბაგრატიონის პირადი კოლექციებიდან; გამოფინება მედეა ჯაფარიძის კოსტიუმი, სპექტაკლიდან „რომეო და ჯულიეტა“.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.
იოსებ სუმბათაშვილი მთავარ მხატვრად მუშაობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. თანამშრომლობდა გორის, ჭიათურის, რუსთაველის თეატრებთან. გაფორმებული აქვს ზ. ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ და მრავალი სხვა დადგმა. მნიშვნელოვანია სუმბათაშვილის ღვაწლი კინემატოგრაფიაში. მხატვარს შესრულებული აქვს დეკორაციის ესკიზები კინოფილმისათვის „ქეთო და კოტე“, „ცისკარა“, ასევე დეკორაციის ესკიზი ფილმისთვის „მაგდანას ლურჯა”, რომელმაც 1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი – „ოქროს რტო“ და ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე I პრემია დაიმსახურა. იოსებ სუმბათაშვილმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული და არა მარტო ქართული თეატრისა და კინოს მხატვრობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები