თეა წულუკიანი: იუსტიციის სამინისტრო არასდროს ყოფილა ჩართული ამნისტიის კანონზე მუშაობაში
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ბრალდებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში კორუფცია ვერ დაბრუნდება. მისივე თქმით, თუკი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, რამე დააშავა ამ სფეროში და კანონი დაარღვია, ეს არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი.
“გამოძიება უკვე დაწყებულია და კორუფცია ამ ქვეყანაში ვერ დაბრუნდება. თუკი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, რამე დააშავა ამ სფეროში და კანონი დაარღვია, ეს არის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. პროკურატურა ამ თემაზე მუშაობს და, რა თქმა უნდა, ბატონ ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს, ალბათ, ყველა ის მტკიცებულება, თუკი ასეთი გააჩნია, პროკურატურას მიაწოდოს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს”, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის მტკიცებით, იუსტიციის სამინისტრო არასდროს ყოფილა ჩართული ამნისტიის კანონზე მუშაობაში, არც პროექტის შემუშავებასა და არც იმ საქმეების განხილვაში, რომლებიც ამნისტიის კანონის მოქმედების ქვეშ უნდა მოხვედრილიყო.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ორი დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.