„კანდელაკი და ბაქრაძე დასავლელ პარტნიორებს არწმუნებენ, საქართველოს უვიზო მიმოსვლის უფლება არ მიანიჭონ“

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დასავლეთში, სტრასბურგსა და ბრიუსელში საქართველოს შესახებ მისაღები რეზოლუციებიდან დადებითი შეფასებების ამოღებასა და მათი ნეგატიური რეკომენდაციებით ჩანაცვლებას ითხოვენ”, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა გააკეთა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციაში“ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის შენგენის ზონაში შემავალ წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ხელშეშლას ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წევრები ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ.
გურამ ადამაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად აცხადებს, რომ თითქოს მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, სინამდვილეში ისინი უცხოეთში ვიზიტებისას თუ ოფიციალური მიმოწერებისას სხვაგვარად იქცევიან.
„დასავლეთში ცრუ ინფორმაციების გავრცელების კუთხით, განსაკუთრებით საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და დეპუტატი გიორგი კანდელაკი აქტიურობენ. „პოზიციის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძე და კანდელაკი ოფიციალურად აცხადებენ, რომ მათი პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, სინამდვილეში ისინი უცხოეთში ვიზიტებისას თუ ოფიციალური მიმოწერებისას სხვაგვარად იქცევიან. აღნიშნული პოლიტიკოსები, სააკაშვილის უშუალო დავალებით, მცდელობას არ აკლებენ, დაარწმუნონ დასავლელი პარტნიორები და გადაწყვეტილებების მიმღები ევროპელი კოლეგები იმაში, რომ საქართველო არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირში, რადგან ქვეყანაში თავისუფალი მედიის შევიწროებას და პოლიტიკური ნიშნით დევნას აქვს ადგილი, რის ერთ-ერთ მაგალითადაც მათ „რუსთავი 2“ მოჰყავთ“,- აცხადებს ადამაშვილი. როგორც „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, სასამართლო დავა, რომელიც „რუსთავი 2“ -ის ირგვლივ მიმდინარეობს, არის კერძო სუბიექტებს შორის დავა და მას არავითარი კავშირი არ აქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან.
„მე მგონია უფრო პირიქით, პრობლემა სათავეს სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობიდან იღებს და უკავშირდება კონკრეტულად სააკაშვილის უკანონო ქმედებებს, კერძოდ იმას, თუ როგორ წაართვა მან ტელეკომპანია მის მაშინდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, რომელიც მისი წილის დაბრუნებას სასამართლოს გზით ითხოვს“, – აცხადებს ადამაშვილი. „პოზიციას“ მიაჩნია, რომ ამ კერძო დავის მიბმა ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკურ შეფასებასთან, რომელსაც ევროკომისია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უსუსური მცდელობა იმისა, რომ გავლენა მოახდინონ ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღებ ჯგუფებზე.
„პოზიცია“ მიიჩნევს, რომ „ნაციონალების“ ამგვარი ნაბიჯები მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიზნად ისახავს, საქართველოს მოქალაქეებმა არ მიიღონ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, რაც მათი აზრით, ხელისუფლების მიმართ მოქალაქეთა უკმაყოფილებას და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიენიჭებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლიდან უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის შენგენის ზონაში შემავალ წევრ ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები