გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ მედია კონკურსის მონაწილეებს უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ „კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში“ მედიის საერთაშორისო კონკურსის ნომინანტებსა და ორგანიზატორებს უმასპინძლეს.
კონკურსი “ადამის“ სახელწოდებით საქართველოში წელს პირველად იმართება. გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მედია დაჯილდოება „კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში“ საქართველოში იმართება. საქართველო ისტორიულად გამოირჩევა მრავალფეროვნებით და შემდგარია როგორც ქვეყანა სწორედ ამ მრავალფეროვნების ხარჯზე. ჩვენი სამიათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, ოქროს ხანა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა, სწორედ ამ მრავალფეროვნების აღიარებას, განმტკიცებასა და განვითარებას უკავშირდება.
როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმ წარმატებებზე, რომლებისთვისაც მიგვიღწევია, როგორც ერს და სახელმწიფოს, ჩვენ ამაყად ვაღიარებთ სწორედ მრავალფეროვნების შედეგად შემდგარ კულტურას. თუმცა, არასდროს არ შეიძლება იყო თვითკმაყოფილი შენი წინაპრების მიღწევებით, თუ არ შეგიძლია ამ მიღწევების დღევანდელ დღეს გაცოცხლება და ამ ღირებულებების დაცვა. დღევანდელ რეალობაში იმ წარმატების გაცოცხლება, რომელსაც შენი წინაპრები ახერხებდნენ და რაც არის შენი იდენტობა და შენი კულტურა. ამიტომ მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მონაწილეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც თანამედროვეობაში მედიის მეშვეობით სწორედ ამ მრავალმხრივ ჩართულობას ემსახურება. მინდა მადლობა გითხრათ და მინდა გისურვოთ წარმატება“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიებაზე პროგრამის დირექტორმა შტეფან ტოლცმა პროექტის მონაწილეებს დიპლომები გადასცა.
საღამოზე ასევე, წარმოდგენილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, პანკისის ფოტოსკოლის მოსწავლეების, კულტურული მრავალფეროვნების თემაზე შექმნილი ნამუშევრები.
„კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში“ მედიის საერთაშორისო კონკურსის გალა კონცერტი, რომელიც პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება ხვალ გაიმართება, სადაც კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები