ჯონ კერი მომდევნო კვირაში მოსკოვში პუტინს და ლავროვს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მომავალ კვირაში მოსკოვში ჩავა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, განხილვის ძირითადი თემები სირიისა და უკრაინის კონფლიქტების მოგვარება იქნება.
მანამდე მოსკოვი თურქეთ-სირიის საზღვრის ჩაკეტვის ინიციტივით გამოდიოდა, რათა „ბოევიკების“ გადაადგილება და ნავთობის ტრანსპორტირება შეჩერდეს. ვაშინგტონი ამ იდეას მხარს უჭერს. ჯონ კერიმ დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ანკარასთან ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწია. ამასთანავე, ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები თურქ კოლეგებთან ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავენ.
შეხვედრაზე, სავარაუდოდ, მხარეები თურქეთსა და რუსეთს შორის ბოლო დროს არსებულ დაძაბულ ურთიერთობებზეც ისაუბრებენ, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები