საფრანგეთის პოლიციამ საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანში“ აფეთქებული მესამე ტერორისტიც ამოიცნო
საფრანგეთის პოლიციამ მესამე ტერორისტიც ამოიცნო, რომელმაც საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანში“ 13 ნოემბერს ღამით თავი აიფეთქა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien იუწყება.
ტერორისტის სახელია ფუად მოჰამედ აგადი და ის სტრასბურგში ცხოვრობდა. ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე მოჰამედ აგადი საფრანგეთში სირიიდან დაბრუნდა.
მანამდე საფრანგეთის სამართალდამცველებმა ორი ტერორისტი ამოიცნეს, რომლებიც „ბატაკლანს“ თავს დაესხნენ. ესენი არიან – 29 წლის ომარ ისმაილი და 28 წლის სამი ამიმური. ორივე საფრანგეთის მოქალაქე იყო.
მთლიანობაში პარიზში მომხდარ ტერორისტულ შეტევებში რვა ტერორისტი მონაწილეობდა. სამი მათგანი „ბატაკლანს“ დაესხა თავს, სამი – სენ-დენის სტადიონს და კიდევ ორმა სროლა ქუჩაში ატეხა. პოლიციის და სპეცსამსახურების მოქმედების შედეგად შვიდი ტერორისტი მოკლეს, ერთმა კი მიმალვა მოახერხა. ის, სავარაუდოდ, სირიაში გაიქცა. პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების სერიის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.