Die Welt: ევროკავშირმა უკრაინისთვის და საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი შესაძლოა, 2016 წელს გააუქმოს
საქართველოსთვის და უკრაინისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 2016 წლის შუა რიცხვებიდან იმოქმედებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt ბრიუსელის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 15 დეკემბერს ევროკომისიამ დასკვნა უნდა წარადგინოს, რომელშიც თბილისის და კიევის მიერ უვიზო მიმოსვლის შემოღებისთვის აუცილებელი პირობების შესრულება დადებითად იქნება შეფასებული. ეს შეფასება მომავალში ევროკავშირის წევრების მიერ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების წინაპირობა გახდება.
გამოცემა აკონკრეტებს, რომ უკრაინელებისა და ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე ნახევარი წლის მანძილზე სამი თვის განმავლობაში ყოფნის უფლება ექნებათ. ამასთანავე, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში მუშაობისთვის მათ სამუშაო ვიზა დასჭირდებათ.