მარნეულში გოგონა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ყელი გამოსჭრეს
მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალებზე მოკლულის მეზობლები საუბრობენ. მათი თქმით, 51 წლის მამაკაცმა 17 წლის გოგონაზე ჯერ სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი მას ბლაგვი საგანი ჩაარტყა და ყელი გამოსჭრა. მამაკაცმა ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაიტანა, დაწვა და იქვე დამარხა.
სოფელ თამარისის მცხოვრებლები ყვებიან, რომ მამაკაცმა არასრულწლოვანი გოგონას სახელით წერილიც დაწერა, სადაც ის მშობლებს საკუთარი გათხოვების შესახებ ატყობინებდა. წერილის პოვნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სამართალდამცველებმა მოკლული გოგონას ცხედარს მომხდარიდან რამდენიმე საათში მიაკვლიეს და ოპერატიული მოქმედებების შედეგად 51 წლის იაგო წ. ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. თამარისის მოსახლეობა ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.