ვანო ჩხარტიშვილის კომპანიების სარჩელის განხილვა სასამართლოში 28 დეკემბერს გაგრძელდება
საქალაქო სასამართლოში ივანე ჩხარტიშვილის კომპანიების სარჩელის განხილვა გაიმართა. სხდომაზე მოპასუხე მხარემ კომპანია “ტრანსფორდმა”, ფოთის პორტმა და რასელ ჰაიმამ კიდევ ერთხელ დააყენეს მოსამართლის აცილების საკითხი, რომლის საქმიანობის შესწავლის მიზნით კომპანია “ტრანსფორდმა” უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას, ხოლო ფოთის საზღვაო ნავსადგურმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
როგორც კომპანია “ტრანსფორდის” ადვოკატმა იოსებ ბარათშვილმა განაცხადა, უკვე რამდენიმე თვეა საქმეს არაუფლებამოსილი მოსამართლე და არაგანსჯადი სასამართლო იხილავს.
“ფოთის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლითაც გააერთიანა ის საქმე, რომელსაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს. თბილისის სასამართლო იმ საქმეს იხილავს, რომელიც ფოთის საქალაქო სასამართლოს განხილვის საგანია. სასამართლო და მოსამართლე გიორგი სულაკაძე ვალდებული იყო უპირობოდ გადაეგზავნათ აღნიშნული საქმე, ფოთის საქალაქო სასამართლოში, მაგრამ მომსამართლემ უარი განაცხადა. ფაქტობრივად დღეს საქმეს ნომერიც არ გააჩნია და აფერხებს ფოთის საქალაქო სასამართლოს მუშაობას. საქმე გვაქვს უკანონობასთან და მოსამართლის მხრიდან მიკერძოებულობასთან. პროცესის მსვლელობის დროს, ასევე დაშვებულ იქნა შეცდომები, როდესაც ერთმა კომპანიამ შეიტანა სარჩელი, შემდეგ იგივე კომპანიამ მეორე კომპანიის სახელითაც შეიტანა სარჩელი, რათა მეორე საქმეც მოსამართლე გიორგი სულაკაძის წარმოებაში მოხვედრილიყო“, – განაცხადა ბარათაშვილმა.
სხდომაზე მოპასხუე მხარემ მოწმეების სასამართლოში გამოძახებასა და მათ დაკითხვაზე უარი განაცხადა.
სასამართლო პროცესი 28 დეკემბერს გაგრძელდება.
ცნობისთვის, ივანე ჩხარტიშვილის დაქვემდებარებულმა კომპანიებმა – „ჯეესკომ“ და „პრომეტკო ჯორჯიამ“, ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და „ტრანსფორდის“ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს 2014 წელს მიმართეს.