რატომ ინახებოდა ზოდელავას კაბინეტში გარდაცვლილი ჟვანიას და უსუპოვის კადრები
ჟვანიას საქმეში გარკვეული დელიკატური მომენტების არსებობის გამო, მისი საქმის ნაწილი პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში – მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში ინახებოდა,- ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ დაკითხვაზე შესავლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჟვანიას საქმის გამოძიება დასრულდა ჩემს პროკურორად დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე. ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც მისი საქმის ნაწილი ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში – მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში”, – განუცხადა ზოდელავამ ჟურნალისტებს.
ყოფილი მთავარი პროკურორი საგამოძებო უწყებაში ჟვანიას და უსუპოვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.