თბილისის მერმა ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა
ტრენინგი “საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში” დასრულდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
ტრენინგი 5-6 დეკემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით გაიმართა.
“ტრენინგში მერიის ყველა გამგეობისა და ძირითადი სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ მუდმივად უწევთ კომუნიკაცია სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მეტად იყვნენ გათვითცნობიერებული სხვადასხვა რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებულ საკითხებში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ტრენინგში თბილისის მერიის, საკრებულოსა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საჯარო მოხელეებს რელიგიური ტოლერანტობის, სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ სემინარები ექსპერტებმა: ზაზა ფირალიშვილმა, ლევან აბაშიძემ, ასევე ზაზა ვაშაყმაძემ (რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე), გელა კვარაცხელიამ (საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი) და არჩილ მეტრეველმა(სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი) ჩაუტარეს.
პროექტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.