5 დეკემბერს მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მწვანე მოხალისეთა ჯგუფის Green Vol-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში, „მეზღაპრეების“ მიერ ნარჩენების მეორადი გამოყენებით დამზადებული ნივთების გამოფენა გაიმართა.
დღესვე, „მზიურის“ პარკში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გამწვანების აქციაც გაიმართა. მოხალისეებმა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე კვიდოსა და კვიპაროსის სახეობის ნერგები დარგეს. ღონისძიება მუსიკალურმა ბენდმა LOUDSPEAKERS-მა გააფორმა.
მოხალისეთა საერთაშორისო დღე 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა. ამ დღესთან დაკავშირებულ აქციებში სხვადასხვა ქვეყნის მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ისინი ჩართულნი არიან საერთაშორისო ინიციატივებში, კონფერენციებში, გამოფენებში და ა.შ. 5 დეკემბერს ადამიანთა უმრავლესობა მოხალისეობის სურვილს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით იჩენს. სტატისტიკის მიხედვით, გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველწლიურად ყველაზე მეტი მოხალისე მონაწილეობს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეს ტენდენცია საქართველოშიც დაინერგა. ღონისძიებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები