პრობაციის შესახებ კანონში ცვლილებები შედის
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს და მოიწონეს. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ კანონს ემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი, სასამართლო (ან პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია ან კიდევ ადგილობრივი საბჭო) ვალდებულია აღსრულების აქტში მიუთითოს, რომელ პრობაციის ბიუროში უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული.
აქამდე არსებობდა საკანონმდებლო ხარვეზი, რის გამოც პირობით ვადამდე გათავისუფლებული უმისამართო, იძულებით გადაადგილებული პირებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ პრობაციის ბიურო ვერ ახორციელებდა აღსრულებას. სასამართლოს (ან პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის ან კიდევ ადგილობრივი საბჭოს) გადაწყვეტილება ვერ სრულდებოდა იმის გამო, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს შეეძლო თავისუფლად გადაადგილება, საზღვრის გადაკვეთა და მასზე ძებნა ვერ ცხადდებოდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით ეს ხარვეზი სწორდება.
გარდა ამისა, თუ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული კარგად იქცევა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ (ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ 2/3; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ 3/4) დაწესებულების დირექტორს შეუძლია წარდგინებით მიმართოს სასამართლოს მსჯავრდებულისთვის თავისუფლების შეზღუდვის მოხსნის თაობაზე. აქამდე თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს პირობით ვადამდე გათავისუფლება არ ეხებოდათ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.