კულტურის მინისტრმა კვიპროსის დელეგაციას უმასპინძლა

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრს მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა კვიპროსის დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრას კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო კუნძულ კვიპროსზე მდებარე ღალიის X-XVI საუკუნის ქართული მონასტრის არქეოლოგიურ გათხრებს. კულტურის მინისტრმა კვიპროსის დელეგაციას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. თავის მხრივ, კვიპროსის დელეგაციის წევრებმა სიძველეების დაცვის მიმართულებით მინისტრს საგანმანათლებლო ერთობლივი პროგრამების განხორციელება შესთავაზეს.
კვიპროსის დელეგაცია თბილისს სპეციალურად ღალიის მონასტრის არტეფაქტების გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით ეწვია. გამოფენას „თი-ბი-სი გალერეა“ 5-დან 25 დეკემბრამდე უმასპინძლებს.
კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ღალიის მონასტერზე ერთობლივი არქეოლოგიური სამუშაოები 2006 წლიდან ხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2015 წელს ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელების მიზნით, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კვიპროსზე მდებარე ღალიის მონასტრის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები