გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა ახალი პროექტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომელიც საქართველოს მინამატას კონვენციის შესრულებაში დაეხმარება.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, მინამატას კონვენცია გლობალური შეთანხმებაა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ვერცხლისწყლისა და მისი შენაერთების დამაზიანებელი ზემოქმედების შემცირების შესახებ. პროექტის მიზანია ვერცხლისწყლის მარაგების პირველადი შეფასება, რაც საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, დაადგინოს სახელმწიფოებრივი მოთხოვნები და საჭიროებები მინამატას კონვენციის სამომავლო რატიფიცირებისათვის. პროექტი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც 200 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯება.
მინამატას კონვენციას „ვერცხლისწყლის შესახებ“ საქართველომ ხელი მოაწერა 2013 წლის 10 ოქტომბერს. კონვენცია ითვალისწინებს ფინანსური, ტექნიკური, ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის. ასევე ითვალისწინებს ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედების შეფასებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მინამატას კონვენცია აწესებს რიგ ვალდებულებებს სხვადასხვა წარმოებიდან ვერცხლისწყლის გაფრქვევებზე, ვერცხლისწყლისშემცველი პროდუქტების წარმოებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე, ასევე ოქროს მცირემასშტაბიან (კუსტარულ) მოპოვებაზე, რომელიც ვერცხლისწყლის გაფრქვევის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. კონვენციას სახელი ეწოდა იაპონიის ქალაქ მინამატას მიხედვით. გასული საუკუნის 50-იან წლებში, ადგილობრივი საწარმოს მიერ, მინამატას ყურეში ვერცხლისწყლით დაბინძურებული წყლის ჩაშვების შედეგად მოიწამლა ათი ათასობით ადამიანი, ხოლო მსხვერპლის რაოდენობამ 2000 – ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები