თინათინ ხიდაშელი: „საქართველოს საკითხი ალიანსის „პარტნიორობის კალათიდან“ „ღია კარის“, ანუ „გაფართოების კალათაში“ გადავიდა“

„საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის „პარტნიორობის კალათიდან“ „ღია კარის“, ანუ „გაფართოების კალათაში“ გადავიდა“,- აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა მონტენეგროს ალიანსში მიწვევა მიულოცა და აღნიშნა, აღნიშნული ფაქტი ნათელი და მკაფიო გზავნილია ასპირანტი სახელმწიფოებისთვის, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება.
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო მონტენეგროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. მონტენეგროს მიწვევა ალიანსში ნათელი და მკაფიო გზავნილია ასპირანტი სახელმწიფოებისთვის, რომ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა გრძელდება.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის საფუძველზეც საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის „პარტნიორობის კალათიდან“ ღია კარის ანუ „გაფართოების კალათაში“ გადავიდა“,- განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე შეფასებით, მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოფიციალურად დააფიქსირა, რომ საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია.
როგორც მინისტრი ამბობს, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაწევრიანებისთვის გვესაჭიროება და არა გაწევრიანების გზაზე პროგრესის მისაღწევად.
„ბუქარესტის შემდეგ საქართველომ ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამ ეტაპზე საქართველო ეფექტიანად ახორციელებს წლიური სამოქმედო გეგმის (ANP) მეშვიდე ციკლს, რომელიც ერთადერთ პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს მაპის მონაწილე ქვეყნების წევრობისთვის მოსამზადებლად.
საქართველო არის ერთადერთი ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ინტეგრაციის კიდევ ორი მექანიზმი – ნატო-საქართველოს კომისია (NGC) და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP). შესაბამისად, საქართველოს აქვს ყველა საჭირო წინაპირობა ინტეგრაციის პროცესში პროგრესისა და წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მზად არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება გააგრძელოს, რომელიც მიზნად ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. საგულისხმოა, რომ ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესში ალიანსი შექმნის ახალ პრაქტიკულ გზებს არსებითი პაკეტის წარმატებით იმპლემენტაციისთვის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატების ინიცირების გზით.

მინდა, გამოვეხმაურო სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ძალიან სწორ გზავნილს, სადაც ის აღნიშნავს, რომ ეს „წახალისება“ ჩვენთვის მკაფიო გზავნილი უნდა იყოს, რადგან „ღია კარის“ პოლიტიკა გრძელდება და გზავნილი, რომელსაც მონტენეგროს ალიანსის წევრები აწვდიან, საუკეთესოა ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც გაწევრიანებისკენ ნატოში ისწრაფვის. კიდევ უფრო დიდი ოპტიმიზმისა და იმედის მომცემია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, როდესაც იგი მონტენეგროს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამბობს – „ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველო იყოს შემდეგი“,- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები