პაატა ზაქარეიშვილი: ასეთი მშვიდობიანი სამწლიანი პერიოდი არასდროს ყოფილა
„ასეთი მშვიდობიანი სამწლიანი პერიოდი არასდროს ყოფილა “,- ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა დღეს კონფლიქტების მოგვარების თემაზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას გარკვეული შედეგი და წარმატება აქვს, თუმცა დღემდე ადამიანების გატაცება მაინც ხდება.
„ის, რომ საომარ მოქმედებებში არ გვყავს დაღუპული ადამიანები, ის, რომ არ გვყავს დამატებითი დევნილი, ის, რომ არა გვაქვს დამატებით დაკარგული ქალაქები და სოფლები, რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული შედეგი და გარკვეული წარმატება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გამოწვევები. გამოწვევები არის ის, რომ გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ჯარები მეტ-ნაკლები რეგულარულობით პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მართავენ მავთულხლართებს და სხვა რაღაც ნიშნებს. ასევე გვაქვს გამოწვევა, ის, რომ დღემდე, სამწუხაროდ, ხდება ადამიანების გატაცება“,-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.