7 მითი ე. წ. ისლამური სახელმწიფოს შესახებ
მითი №1: ISIS-ი სულელი და უგუნურია
თუ გსურთ, გაიგოთ, რას წარმოადგენს ე. წ. ისლამური სახელმწიფო, პირველი, რაც უნდა გაითავისოთ, ისაა, რომ მისი წევრები სულაც არ არიან სულელები. ისინი შუა საუკუნეების ძალადობრივი იდეოლოგიის სისხლიანი მიმდევრები არიან.
ISIS-სა და მის წინამორბედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ერაყში ერთი ძირითადი მიზანი გააჩნდათ: ისლამური კანონებით მართული ხალიფატის შექმნა. ISIS-ის დღევანდელი სტრატეგია ამ მიზნის მიღწევას ემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ ISIS-ის ინდივიდუალური წევრები მხეცური იდეოლოგიისადმი მსახურებას ამჟღავნებენ და ფსიქოლოგიური ძალადობის აქტებს ახორციელებენ, ტერორისტული ორგანიზაციის სტრატეგია მაინც რაციონალურია. მათი ძალადობა სულაც არაა შემთხვევითი, ის მათი მტრების დასუსტებასა და ტერიტორიაზე ISIS-ის პოზიციების გამყარებას ისახავს მიზნად. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხალხის დატერორება.
იმის გასარკევად, რომ ISIS-ს რაციონალურობის რაღაც დონე გააჩნია, საჭიროა გავისხენოთ მისი რამდენიმე ქცევა – მათ შორის 14 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტები, რომლებზეც ამ უკანასკნელმა აიღო პასუხისმგებლობა. თუკი ISIS სრულიად უგუნურია, როგორ შესძლო მან ნავთობითა და იარაღით ვაჭრობით საკმაოდ კარგი შემოსავლის დამოუკიდებელი წყაროს შექმნა? თუკი ის მხოლოდ ძალადობაზე ფიქრობს, რატომ აფინანსებს თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე საბავშვო ფესტივალებსა და სამედიცინო კლინიკებს? (თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ბავშვები უყვართ, რომლებსაც ისინი ხშირად ხოცავენ).
ეს ყველაფერი სულაც არ ამართლებს ISIS-ის ბარბაროსობას. ისინი კვლავ აწარმოებენ ერაყის იეზიდი მოსახლეობისა და ქრისტიანების გენოციდს. ამას ისინი წინასწარი დაგეგმვით, სტრატეგიულად აკეთებენ.
მითი №2: ხალხი ISIS-ს იმიტომ უჭერს მხარს, რომ რადიკალური ისლამი მოსწონს
ალბათ გსმენიათ, ISIS-ი ერაყელ და სირიელ სუნიტ მუსლიმთა გარკვეულ ნაწილს შორის პოპულარობის მაღალი ხარისხით სარგებლობს; მართალია – ამის გარეშე სუნიტ სამხედროთა ჯგუფი დაიშლებოდა. თუმცა ხშირად, მათ ყველა მოქმედებას, ზოგადად, ისლამთან აიგივებენ და აღნიშნავენ, რომ რელიგია შინაგანად ძალადობრივია, თითქოს სუნიტები ISIS-ს მხარს იმიტომ უჭერენ, რომ მათ მოსწონთ ყურანის რადიკალური ინტერპრეტაცია.
ეს ვარაუდი სიმართლეს არ შეესაბამება და არაა გათვალისწინებული ISIS-ის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი: მათი ძალაუფლების წყარო პოლიტიკიდან მომდინარეობს და არა რელიგიიდან.
ზოგადად, ყველა მუსლიმანი უარყოფს მათი რწმენის ISIS-სეულ ხედვას. არაერთი გამოკითხვის შედეგად, ნათელი ხდება, რომ ისლამური ექსტრემიზმი, მათ შორის „ალ-ქაიდა“ და ISIS-იც, ისლამურ ქვეყნებში ძალზე არაპოპულარულია.
ISIS-ის მსხვერპლთა საკმაოდ დიდი რაოდენობა სწორედ მუსლიმანია, მათ შორის სუნიტები. 2006 წელს ერაყის სუნიტებს შორის დაწყებულმა აჯანყებამ დიდი როლი ითამაშა ISIS-ის წინამორბედის, „ალ-ქაიდას“ განადგურებაში.
მუსლიმანის ცხოვრების ISIS-სეული ხედვა აბსოლუტურად უცხოა ნამდვილი ისლამური ტრადიციისათვის. ფუნდამენტალური ისლამი, სხვა რელიგიური ფუნდამენტალიზმების მსგავსად, თანამედროვე ფენომენია. თანამედროვე პოლიტიკით იმედგაცრუებული ექსტრემისტული რელიგიური ჯგუფები წარსულში ქექვით ახდენენ „დიადი ისლამური წარსულის“ იდეალიზებას, რაც არც არასოდეს არსებულა.
თუკი სუნიტები არ ეთანხმებიან ISIS-ს თეოლოგიას და არ მოსწონთ მათი მბრძალებლობის ქვეშ ცხოვრება, რატომ არ ჯანყდებიან დაპყრობილ ტერიტორიათა მაცხოვრებლები? პასუხი პოლიტიკითაა განპირობებული. სირიასაც და ერაყსაც შიიტი ხელისუფლება ჰყავს. ორივე ქვეყანაში, სუნიტები არცთუ დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი და ისინიც, ხშირად რეპრესების მსხვერპლნი არიან.
როდესაც სუნიტთა ადგილობრივ ჯგუფებს აჯანყების მცდელობა აქვთ, რისი მაგალითიც იყო აბუ ნიმრი ერაყში, ISIS-ი მათ სისხლში ახშობს. ის სუნიტები, რომლებიც ISIS-ში მოკავშირეს ხედავენ მათთვის საძულველი მთავრობის წინააღმდეგ, ამჟამად ორ ცეცხლს შუა იმყოფებიან – ან ტოლერანტულნი იყვნენ ტერორისტების მიმართ, ან სიკვდილი აირჩიონ.
მითი №3: ISIS-ი „ალ-ქაიდას“ ნაწილია
ISIS-მა ერაყში „ალ-ქაიდა“ შეცვალა. მისგან გამოყოფა ტერორისტთა ამ ნაწილმა 2013 წელს დაიწყო და ოფიციალურად, 2014 წლის თებერვალში გამოეყო. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ISIS-ი არ ემორჩილებოდა „ალ-ქაიდას“ ბრძანებებს: „ალ-ქაიდას“ სირიაში ოპერაციების ხელმძღვანელობა სურდა, რასაც ISIS-ი ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, „ალ-ქაიდა“ მუდმივად სთხოვდა ISIS-ს, შეეწყვიტა ძალადობა მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი.
წლების მანძილზე, „ალ-ქაიდა“ გლობალური ჯიჰადისტური მოძრაობის უპირობო ლიდერი იყო. ISIS-ის გამოყოფით ყველაფერი გადატრიალდა. როდესაც ამ უკანასკნელმა არაბული სამყაროს შუაგულში დაახლოებით ბრიტანეთის ზომის ტერიტორია იგდო ხელთ, ISIS-ი ძალზედ ახლოს მივიდა იმ მიზანთან, რაც „ალ-ქაიდას“ ყოველთვის სურდა – ისლამური ხალიფატის შექმნა.
იდეოლოგიური შეჯიბრი ISIS-ს მეტი ძალადობისაკენ უბიძგებს. „ისინი „ალ-ქაიდას“ ეჯიბრებიან, მათ ლიდერობა სურთ“, – აღნიშნავს ძალადობრივი ექსტრემიზმის ექსპერტი ჯეი ემ ბერგერი. როდესაც მათ სიკვდილით დასაჯეს ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლეი და ამის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე ატვირთეს, როდესაც მათ განაცხადეს, რომ ერაყს ქრისტიანებისა და იეზიდებისგან გაწმენდდნენ, ისინი ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ეს შეუძლიათ, ეს ტერორისტთა იმ გეგმის ნაწილია, რომ დაჯაბნონ „ალ-ქაიდა“ და ISIS-ის ბრენდი უფრო გლობალური გახადონ.
მითი №4: ISIS-ი სირიელ მეამბოხეთა ჯგუფია
მართალია, ISIS-ი სირიაში ბაშარ ალ-ასადის მთავრობას ებრძვის, მაგრამ ამ ორგანიზაციისთვის „სირიელ მეამბოხეთა ჯგუფის“ დაძახება სასტიკი შეცდომაა. ISIS-ი ერთგვარი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მრავალი ჯიჰადისტი მებრძოლისგან შედგება. ასადი და ISIS-ი არ შეიძლება ჩაითვალოს ერთმანეთთან ძლიერ დაპირისპირებულ მხარეებად, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი საიდუმლოდ თანამშრომლობენ.
როდესაც 2008 წელს ამერიკულ-ერაყულმა ძალებმა „ალ-ქაიდა“ დაამარცხეს, მისმა ნარჩენებმა შეჯგუფება დაიწყეს. ასე ჩამოყალიბდა ISIS-ი. ის სირიელ მეამბოხეებს არ შეუქმნიათ.
ასადი ISIS-ს თავის სხვა ოპონენტთა დასანაწევრებლად იყენებს. მათ შორისაა მცირე სირიული ოპოზიცია, სხვა ისლამური ჯგუფები და აშშ. ასადი სირიის შეიარაღებული ძალების ფოკუსირებას სირიელ მეამბოხეთა შედარებით მცირე ჯგუფზე ახდენს, ISIS-ს კი ხშირად ხელუხლებელს ტოვებს.
„კონფლიქტის მანძილზე, ISIS-ი თითქმის არასოდეს ებრძვის ასადის რეჟიმს, ის ძირითადად სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან ბრძოლითაა დაკავებული“, – აცხადებს ასოცირებული პროფესორი გლენ რობინსონი.
შეიძლება ითქვას, რომ ასადსა და ISIS-ს საიდუმლო შეთანხმება აკავშირებთ: ISIS-ს შედარებით თავისუფლად მოქმედების საშუალება ეძლევა სირიაში, სანაცვლოდ კი ტერორისტები პრეზიდენტის ოპონენტებს ასუსტებენ. ორივე მათგანს ერთმანეთი სძულს და სავარაუდოდ, ღიადაც მალე შეეჯახებიან, თუმცა ორივე მათგანი სარგებელს ნახულობს აჯანყებულთა წინააღმდეგ ფოკუსრებით.
მითი №5: ISIS-ი მხოლოდ ერაყის მთავრობის შეცდომების ხარჯზეა ძლიერი
გავრცელებულია ისეთი აზრი, რომ 2014 წელს ISIS-ის აღორძინებაზე პასუხისმგებელი ერაყის ხელისუფლებაა, უმთავრესად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი. ISIS-ის აღზევებას ნამდვილად შეუწყო ხელი მალიკის პოლიტიკამ, თუმცა ბოლომდე მისი დადანაშაულება უადგილოა.
მალიკიმ უდავოდ გააკეთა ბევრი ისეთი რამ, რამაც უნებლიეთ განაპირობა ISIS-ის ზრდა. მან ერაყის ანტიტერორისტული კანონები სუნიტი დისიდენტების ციხეში გამოსამწყვდევად გამოიყენა. პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლობის საფუძველზე აუკრძალა ჰუსეინის პერიოდის ოფიციალურ პირებს მაღალი ეშელონების თანამდებობების დაკავება მთავრობასა და სამხედრო სტრუქტურებში; დაარბია მშვიდობიანი სუნიტი მომიტინგეები. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მალიკის იმ ქმედებებისა, რამაც სუნიტი მოსახლეობა ერაყის ცენტრალური მთავრობის საწინააღმდეგოდ და ISIS-დმი ლმობიერად განაწყო.
მიუხედავად ამისა, ISIS-ის აღზევების მთლიანად მალიკისთვის დაბრალება, უბრალოდ არაკორექტულია. სუნიტების გაბრაზება კვაზიდემოკრატიული ერაყის ხელისუფლებისადმი, რომელიც, ძირითადად, შიიტებისაგან შედგება, უფრო შორს მიდის, ვიდრე მხოლოდ ერთი კაცის – მალიკის პოლიტიკაა.
ბევრ სუნიტს დღეს შეცდომით სჯერა, რომ ისინი ერაყის უმსხვილეს დემოგრაფიულ ჯგუფს შეადგენენ. ამგვარი რწმენა ჰუსეინის დროს ჩამოყალიბდა, რათა გაემართლებინა სუნიტური უმცირესობის მმართველობა. აქედან გამომდინარე, სუნიტებს შიიტური ხელისუფლება ძირეულად უსამართლოდ მიაჩნიათ.
მითი №6: ISIS-ს ქალი ჯარისკაცების ეშინია
ზოგიერთს მიაჩნია, რომ ISIS-ს ნამდვილად ეშინია ქურთული სამხედრო შენაერთების ქალი მებრძოლების. ამ თეორიის მიხედვით, ISIS-ის ტერორისტებს სჯერათ, რომ თუ ქალის ხელით მოკვდებიან, ვერ მოხვდებიან სამოთხეში.
სიმართლე ისაა, რომ ISIS-ის მიდგომა ქალებისადმი უფრო გართულებულია, ვიდრე დასავლური სტერეოტიპები ისლამისტებისადმი. ISIS-ს ქალთა საკუთარი ბრიგადები ჰყავს და მათ იმისათვის იყენებს, რათა უფრო გააძლიეროს საკუთარი ქალთმოძულებრივი იდეოლოგია.
„ISIS-ს ქალი მებრძოლების ეშინია“ – ეს თეორია სათავეს იღებს Wall Street Journal-ის სტატიის ციტატიდან, სადაც საუბარია ქურთთა უპირატესობაზე ISIS-თან მიმართებაში. მოყვანილია ერთ-ერთი ქურთი მებრძოლი ქალის სიტყვები, სადაც ის ამბობს: „ჯიჰადისტებს არ მოსწონთ ქალი მებრძოლები, რადგან თუ ისინი ქალის ხელით მოკვდებიან, სწამთ, რომ სამოთხეს ვერ დაიმკვიდრებენ“. აღსანიშნავია, რომ ეს ქალი არც მეცნიერია, არც ISIS-ის წევრი, წარმოადგენს მხოლოდ რიგით მებრძოლს, რომელმაც შესაძლოა სრულებით არ იცის ზედმიწევნით ISIS-ის იდეოლოგია.
ქალებთან მიმართებაში ISIS-ის მიდგომების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. ტერორისტულ ორგანიზაციას ჰყავს ქალ-მებრძოლთა ბატალიონები, რომლებიც მის კონტროლირებად ტერიტორიებზე ოპერირებენ. ისინი ჩადრებში არიან გახვეულნი და შეიარაღებულნი მოძრაობენ. მათი მიზანი ძირითადად სხვა ქალებთან ბრძოლაა, რათა აღასრულონ ISIS-ის ხედვა შარიათის კანონებთან მიმართებაში. „ISIS-მა ქალთა დანაყოფები სხვა ქალებთან საბრძოლველად შექმნა“, – აღნიშნა Syria Deeply-თან საუბრისას ადგილობრივმა მედია-აქტივისტმა აბუ ალ-ჰამზამ.
ISIS-ის მიერ ქალების გამოყენება ჯიჰადისტი ქალების ძალადობრივ ექსტრემისტულ ისლამურ ორგანიზაციებში ჩართულობის მზარდი ტენდენციის ნაწილია. „ეს არის ქალთა ემანსიპაცია ჯიჰადისტურ მოძრაობაში, თუმცა ძალიან შეზღუდული“, – აღნიშნავს The Atlantic-თან საუბრისას ნორვეგიის თავდაცვითი კვლევების დაწესებულების ექსპერტი ძალადობრივი ისლამიზმის დარგში თომას ჰეგჰამერი. „ბევრი მათგანი აღგზნებულია იმის სურვილით, რომ თავი ძლიერ ქალად წარმოაჩინოს, რაც ხშირად სასაცილოს ხდის დასავლურ სტერეოტიპს „დაჩაგრული მუსლიმანი ქალის“ შესახებ“, – ამბობს ექსპერტი.
ISIS-ის ერთ-ერთი მიზანი ქალთა შევიწროვებაა. ორგანიზაციას ინსტიტუციონალიზებული აქვს რელიგიური სექს-მონობა. ძირითადად იეზიდური უმცირესობიდან შეპყრობილ ქალებს ისინი მებრძოლ ტერორისტებზე „ყიდიან“.
იმის გათვალისწინებით, რომ უკვე წელიწადზე მეტია ISIS-ს სირიისა და ერაყის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია უკავია, შეიძლება შეგექმნათ წარმოდგენა, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია შეუჩერებელია.
თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ISIS-ი ჭკვიანი და ძლევამოსილია, მაგრამ ის საკმაოდ მოწყვლადია. ერაყელი და სირიელი მებრძოლები საერთაშორისო საზოგადოების სხვა შენაერთებთან ერთად ტერორისტებზე საკმაოდ წარმატებულ თავდასხმებს ახორციელებენ, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
2015 წლის პირველ ნახევარში, ISIS-მა სირიასა და ერაყში მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 4,9% დაკარგა. Brookings-ის ექსპერტის, უილ მაკ-კანტსის ცნობით, მიმდინარე წელს ISIS-მა საერთო ჯამში ტერიტორიის 25 % და მებრძოლთა ნახევარი დაკარგა.
ტერორისტთა დანაკარგები სერიოზულია. ერაყის მთავრობამ აღადგინა კონტროლი ცენტრალური ერაყის სუნიტებით დასახლებულ ქალაქ ტიკრიტსა და უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ ქალაქ ბაიჯიზე. ერაყელმა ქურთებმა აიღეს ქალაქი სინჯარი, რომელზეც გადის ერაყსა და სირიაში ISIS-ის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დამაკავშირებელი კრიტიკული ავტომაგისტრალი. 2015 წლის ივნისში სირიელმა ქურთებმა აიღეს ტერორისტების მომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქალაქი ტალ-აფარი ჩრდილოეთ სირიაში. შედეგად, ისინი 30 მილით მიუახლოვდნენ ISIS-ის დე ფაქტო დედაქალაქ რაკას.
ISIS-ის მთავარი პრობლემა ისაა, რომ სირიაშიც და ერაყშიც ის ფაქტობრივად ალყაშია, გარშემო არ ჰყავს ახლო მოკავშირე, მაგრამ ჰყავს მრავალი მტერი: ერაყის ხელისფლება, ქურთთა რეგიონული ხელისუფლება, სირიელი ქურთები, აშშ-ის მიერ ჩამოყალიბებული კოალიცია, „ალ-ქაიდა“, სირიელი მეამბოხეები, ირანი, შიიტური მილიცია და სირიის ხელისუფლება.
ISIS-ს უბრალოდ არ ჰყავს საკმარისი ოდენობის მებრძოლები ამდენ ფრონტზე საბრძოლველად. შედეგად, ის საკმაოდ სუსტდება: როცა ის თავდაცვას ან კონტრშეტევას ცდილობს ერთ ადგილზე, მოწყვლადი ხდება მეორე ადგილზე.
საოცრად ეფექტიანია კოალიციის საჰაერო იერიშები, რაც მნიშნელოვნად ამცირებს ISIS-ის მანევრირების შესაძლებლობას.
ISIS-ი უფრო ზოგად ბრძოლებს აწარმოებს, ვიდრე რაიმე ტაქტიკურს.
არ შეიძლება იმის თქმაც, რომ ISIS-ი ხვალვე დაეცემა, თუმცა მისი მოქმდებიდან და კოალიციის მიერ ბოლო დროს გადადგმული ქმედითი ნაბიჯებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დამხობის დღე არც ისე შორსაა.
წყარო: www.vox.com (თარგმანი – “საზოგადოებრივი მაუწყებელი”)