სპექტაკლი „შექსპირი და ოპერა“- „მოძრაობის თეატრში“
27 და 29 ნოემბერს, 19:00 საათზე, “მოძრაობის თეატრში” ირინე რატიანის საოპერო ხელოვნების ასოციაცია “ბელკანტო” და “მოძრაობის თეატრი”, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ „შექსპირს და ოპერას”.
აღნიშნული პროექტი მუსიკალური ხელოვნებისა და თეატრის მოყვარულებს ძალზე საინტერესო და უჩვეულო პერფორმანსს ჰპირდება – კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ალტერნატიული ხელოვნების უპრეცედენტო ტანდემს საქართველოში. ოპერა და „მოძრაობის თეატრი“, ერთ მთლიანობად შეკრული, სრულიად ახალ და თანამედროვე ხელოვნების სტანდარტებით შექმნილ სანახაობას სთავაზობს ქართველ მაყურებელს. პერფორმანსის იდეური კონცეფცია: უილიამ შექსპირი სასამართლო პაექრობაში იწვევს თავის პერსონაჟებს – ოტელოს, იაგოს, დეზდემონას, რომეოს, ჯულიეტას, მაკბეტს, ფალსტაფს… და მათთან დიალოგში განიხილავს უბერებელ, მუდამ აქტუალურ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს. ყოველივე ეს თამაშდება სინთეზში ოპერის მომღერლების, დრამის მსახიობების, მოძრაობის თეატრის მსახიობების მონაწილეობით და სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.