„ძალიან გული მტკივა, რომ ადამიანები შიმშილობენ“

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების შიმშილობას გამოეხმაურა. დეპუტატს გული სტკივა იმის გამო, რომ ინაშვილმა და მისმა გუნდმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. სესიაშვილი მიიჩნევს, თუკი ისინი თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა, ამისათვის მათ სასამართლოს უნდა მიმართონ.
„ ძალიან გული მტკივა, რომ ადამიანები შიმშილობენ. არ მიმაჩნია ეს სწორად. ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკური მოტივაცია. ჩვენ დღეს არ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, რომ პროტესტის ასეთ უკიდურეს ფორმას მიმართონ. არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. ვიღაცამ გაიმარჯვა, ვიღაც დამარცხდა. მათ ერთმანეთს პატივი უნდა სცენ. მე ვიყავი ჩასული საგარეჯოში და არაფერი ყოფილა ისეთი, რაც შედეგებზე მოახდენდა გავლენას. უფრო პირიქით, ინაშვილის პარტია აგრესიული იყო. ისინი ხევდნენ სახელისუფლებო კანდიდატის პლაკატებს. ინაშვილი თამარ ხიდაშელს ხელს უშლიდა საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. აუცილებელია, იყოს ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ. თუ ვინმე თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, ის უნდა წავიდეს სასამართლოში.
რაც შეეხება სამხედრო ნაწილში არჩევნების ჩატარების ფაქტს, სამხედრო ნაწილებში არჩევნებში ჩვეულებრივად ტარდება. ასეთი პრაქტიკა იყო წლების განმავლობაში და აბსოლუტურად სწორი იყო. ჯარისკაცი რომელიც მსახურობს იმ ტერიტორიაზე, სარგებლობს ყველა იმ სიკეთით, რაც იმ რაიონში ხდება, იქ ცხოვრობენ მათი ოჯახის წევრები, მათ უნდა მისცენ ამ შემთხვევაში იქ ხმა. რაც შეეხება ჯარისკაცთა რაოდენობის ზრდას, ეს ბატალიონი იმყოფებოდა ავღანეთში და ახლა დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები