„უსაფრთხოების სამსახურების მუშაობასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს საკანონმდებლო შეზღუდვების გადახედვა“
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძვანელი ჯონ ბრენანი თვლის, რომ პარიზის თავდასხმა მხოლოდ ერთჯერადი აქტი არ არის. ბრენანი ვაშინგტონში საგანგებო მოხსენებით გამოვიდა და ამერიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს უხდებოდა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ გამოეპარათ უსაფრთხოების სამსახურებს ასეთი თავდასხმა მაშინ, როდესაც ტერორისტებს სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში მრავალჯერადი კომუნიკაცია ჰქონდათ ტერაქტების მოსამზადებლად.
ჯონ ბრენანი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს საკანონმდებლო შეზღუდვების გადახედვა უსაფრთხოების სამსახურების მუშაობასთან დაკავშირებით.
“არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც როგორც ტექნიკურად, ასევე კანონის თვალსაზრისით ართულებს დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობას. ვფიქრობ, ახლა დროა, განსაკუთრებით ევროპისთვის, ასევე ჩვენთვისაც, გავარკვიოთ, ნებსით თუ უნებლიედ ხომ არ შეიქმნა ერთგვარი ნაპრალი დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობებში, დაიცვან ხალხი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო გარკვეული ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების ფაქტები, იყო გარკვეული პოლიტიკა, კანონით დაწესებული თუ სხვა ქმედებები, რომლებმაც უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი შესაძლებლობა, გამოეაშკარავებინა ტერორისტები. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება განგაშის ზარი, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ჩემი აზრით, არასწორი წარმოდგენა იყო იმ საქმიანობაზე, რომელსაც დაზვერვის სამსახურები სწევენ”, – განაცხადა ჯონ ბრენანმა.
ბრენანმა დღეს ასევე მიანიშნა, სადაზვერვო სამსახურის როლის გაძლიერების აუცილებლობაზე, ევროპაში ლტოლვილთა კრიზისის პირობებში.
„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, რომლითაც ტერორისტები ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით დაიმუქრნენ, შეერთებული შტატების დედაქალაქში, ცხადია, უსაფრთხოება გაძლიერდა, თუმცა ქვეყნის უშიშროების სამსახურები ფიქრობენ, რომ ამბიციის მიუხედავად ISIS-ს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, შეერთებულ შტატებს ზიანი მიაყენოს.
პარიზის თავდასხმების მიუხედავად, ბარაკ ობამა 10 ათასი სირიელი დევნილის მიღების მომხრეა, თუმცა ადმინისტრაციის ამ ინიციატივას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება შტატების გუბერნატორების მხრიდან, რომელთა დიდ ნაწილს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სირიელი დევნილების მიღება არ სურს.