იეჰოვას მოწმეთა სექტის წიგნი – "საგუშაგო კოშკი" მეგრულად ითარგმნა

იეჰოვას მოწმეთა სექტის წიგნი – “საგუშაგო კოშკი” მეგრულად ითარგმნა, რომელსაც სექტის წევრები სამეგრელოში ავრცელებენ,- ამის შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზეთი განათლების ცენტრ “კოლხიდას” წარმომადგენელს და სამეგრელოს საქართველოდან გამოყოფის და ცალკე სახელმწიფოდ აღიარების ხშირ ინიციატორს, იური ღვინჯილიას ესაუბრა.
„ჯერჯერობით მეგრულ ენას არ გააჩნია სტატუსი, მაგრამ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ რეგიონალური ენის სტატუსი და სახელმწიფომ ვალდებულება აიღოს, რომ ამ ენას შეინარჩუნებს და განავითარებს. მეგრულის განსავითარებლად ამ ენაზე უნდა იყოს თარგმანები, პრესა, ტელევიზია და განათლებაც კი. სვანურ ენაზეც აუცილებლად უნდა იყოს ეს ყველაფერი. ის ფაქტი, რომ ქართულ სახელმწიფოში არ არსებობს მეგრულენოვანი მაუწყებლობა და საგანმანათლებლო სისტემა, ეს არის კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმა“,- განაცხადა იური ღვინჯილიამ.
იური ღვინჯილიამ „ქართველების“ მხრიდან „მეგრელების ჩაგვრაზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, თუ ასეთი მიდგომა გაგრძელდება, მაშინ მეგრელები იძულებული გახდებიან, რეფერენდუმი ჩაატარონ და სამეგრელოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოითხოვონ.
„როდესაც არსებობენ მჩაგვრელი ქართველები და ჩაგრული მეგრელები, იქმნება ეთნოკონფლიქტის საშიშროება. ეს კონფლიქტი აუცილებლად მოხდება, თუ ქართველებმა ისევ გააგრძელეს ჩვენი ჩაგვრა. გადახედეთ ინტერნეტსივრცეს, როგორი აგრესიაა მეგრელების მიმართ, გნებავთ, თქვენი კითხვებიდან წამოსული აგრესია, ეს ყველაფერი კონფლიქტი არაა?! ჩვენ გვინდა ერის განვითარება და თქვენ არა. თუ ქართული სახელმწიფო არ აღიარებს მეგრულ და სვანურ ენებს, ეს ნიშნავს, რომ სვანები და მეგრელები სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვართ. თუ ასეთი მიდგომა გაგრძელდება, მაშინ იძულებული ვიქნებით, ჩავატაროთ რეფერენდუმი და მოვითხოვოთ სამეგრელოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა. საქართველოს ისტორია იწყება კოლხეთიდან, საქართველო ჩემი სამშობლო არაა, ჩემი სამშობლო არის სამეგრელო“,- განაცხადა იური ღვინჯილიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები