თეა წულუკიანი: ვინც ხელს შეუშლის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას, სისხლის სამართლის წესით დაისჯება

ეს არ არის ის მთავრობა, რომელიც მიიჭრება, ვიღაცას ზიანს მიაყენებს და ასე გაათამაშებს იმ სცენარს, რასაც ვიღაცა გეგმავს კიევიდან გვარამიას ხელშეწყობით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკაში” სტუმრობისას განაცხადა.
იუსტიციის მინისტრმა “იმედის“ ეთერში დეტალურად განმარტა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტლების აღსრულება.
“თუ დადგა აღსრულების პროცესი და მავანმა – “ნაციონალების” ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მე გავმაგრდი და აბა, მოდით, თუ ბიჭები ხართ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ისე, როგორც ეს არის მშვიდ, სტაბილურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროში, პროცედურა არის გაწერილი. ჩვენ ამ პროცედურას არ დავარღვევთ. ჩვენ გავუგზავნით წერილს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ. ის აღასრულებს ამასობაში, ან იტყვის, რომ არ აღასრულებს. გავუგზავნით მეორედ. შემდეგ დაიწყება იძულებითი აღსრულების პროცესი, რომელსაც ის თუ არ დაემორჩილება, ოღონდ იძულებითი აღსრულების პროცესი მოვედი, წაგიყვანე არ არის. ეს არის დოკუმენტი, რომელიც მას ეგზავნება და ეუბნება, რომ ის არღვევს კანონს და ვიწყებ იძულებითი აღსრულების პროცესს, რომელსაც თუ ისევ უარყოფითად უპასუხებ, შენ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდები, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ყველას მოვალეობაა. ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი, ვიდრე მას საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს, არის ძალაში და ითვალისწინებს იმას, რომ ვინც კი ხელს შეუშლის, ან უარს იტყვის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ის დაისჯება სისხლის სამართლის წესით. ეს არის აბსოლუტური დემოკრატიული მიდგომა. ეს არ არის კუნთების ვარჯიში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, არის მცდელობები, რომ ჩვენ ყველა ერთად კოლექტიურ ისტერიკაში ჩავვარდეთ. “არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მთავრობა არის იქ, სადაც უნდა იყოს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის დაძაბვას, გამწვავებას. ერთადერთი მოთხოვნა მე რაც მაქვს, თანაც მეგობრული არის ის, რომ ყველამ, ჩვენი კოალიციის წევრებმა, “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებს ვგულისხმობ, ჩვენმა მეგობარმა ელჩებმა ფაქტებს შეხედონ ჯერ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები