გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული იოელ ედელშტეინი და ისრაელის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით,შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის უკანასკნელ პერიოდში მზარდი ორმხრივი თანამშრომლობა და გამოთქვეს არსებული ურთიერთობების კიდე უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
“მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებულ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას. განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობის დიდი პოტენციალი ეკონომიკური მიმართულებით, რაც მოიცავს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებს და ტურიზმს. შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ისრაელის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.