მალხაზ მჭედლიშვილმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

თბილისის მუნიპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მჭედლიშვილმა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტი მისი, როგორც საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრის გაწეული საქმიანობის შეჯამებით იწყება და მასში დეტალურად არის ასახული მალხაზ მჭედლიშვილის აქტივობები საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიების მუშაობაში.
ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო ფრაქციის -16, საკრებულოს – 21, საკრებულოს ბიუროს – 39, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის – 42 და სარევიზიო კომისიის -13 სხდომაში. ასევე მონაწილეობდა საკრებულოს 101 დადგენილებისა და 380 განკარგულების მიღებაში.
ამავდროულად, საანგარიშო პერიოდში, დეპუტატი ამომრჩეველთა მიღებას, მათი წერილების, წინადადებების, საჩივრების, განხილვას, შესწავლას და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას რეგულარულად ახორციელებდა.
ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის ფარგლებში, მალხაზ მჭედლიშვილი ჩართული იყო თბილისის ტერიტორიების განაშენიანებისა და გამოყენების რეგულირების საკითხთა საბჭოს მუშაობაში. დეპუტატმა მონაწილეობა მიიღო კომისიის 46 სხდომაში, სადაც განხილული 2284 საკითხიდან თანხმობა 859 მოთხოვნაზე გასცა.
ანგარიშში ვრცელი ადგილი ეძღვნება დეპუტატის ჩართულობას, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისიის შექმნასა და კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცებაში. ამ მიზნით მალხაზ მჭედლიშვილმა კომისიის 5 სხდომაში მონაწილეობა მიიღო.
დეპუტატი ასევე მონაწილეობდა თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში. ანგარიშის მიხედვით ჩატარებულია 4 სხდომა, სადაც 19 საკითხი განიხილეს.
გარდა ამისა, დეპუტატი იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის წევრი და მონაწილეობდა გამგეობების, კეთილმოწყობის, ზედამხედველობის, ეკოპოლიტიკის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მიერ გამოცხადებული ვაკანტური ადგილების დაკავების მსურველთა გასაუბრებებში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია დეპუტატის ჩართულობა სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მუშაობასა და ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა დაცვის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები