ბიძინა ივანიშვილი: ვხედავ, რომ თავად ძალადობს გვარამია, ისტერიკებშია და თეთრის შავად დახატვას ცდილობს
„ხელისუფლების ვერცერთი ქცევა ვერ ვნახე თქვენს წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ თავად რომ ძალადობს გვარამია, ისტერიკებშია“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების არცერთი ქცევა არ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგოდ მიმართული.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კრიტიკა არავითარ შემთხვევაში არ არის მთავრობის წახალისება და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ აღნიშნული ტელევიზია ობიექტური გახდეს.
„ხელისუფლების ვერცერთი ქცევა ვერ ვნახე თქვენს წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ თავად რომ ძალადობს გვარამია, ისტერიკებშია და თეთრის შავად დახატვას ცდილობს, ამას ვხედავ მხოლოდ. ჩემი ნათქვამი იმიტომ კი არაა, რომ მთავრობა წავახალისო, მე ვამბობ ამას, იმიტომ რომ იყოთ ობიექტურები, ისაუბროთ არგუმენტებით და ფაქტებით“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, თუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას უთვალთვალებენ, აღნიშნული უნდა დაამტკიცოს. „სამი წელია, ვაკრიტიკებ „რუსთავი 2“-ს და სად ნახეთ ძალადობა? არაფერი მსგავსი არ მომხდარა. თუ ნიკა გვარამია ამბობს, რომ უთვალთვალებენ, მან ეს უნდა დაამტკიცოს სასამართლოში და ამისთვის არსებობს კანონი. ნიკა გვარამია რასაც იტყვის, ის კანონი ვერ გახდება. არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს უნდა დამტკიცდეს. რასაც ექსტაზში შესული გვარამია იტყვის, ვერ გახდება საფუძველი. მან ეს უნდა დაამტკიცოს“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კამერების დამონტაჟებაის ფაქტზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, კამერები ტელევიზიის უსაფრთხოებისთვის დამონტაჟდა.
“მე როგორც განმარტებებში ვნახე ეს კამერები არის ეზოში და ისევ ტელევიზიის უსაფრთხოებისთვისაა დამონტაჟებული, შიდასამზარეულოს არ უყურებენ ეს კამერები არავის არ ამოწმებს და არ აკონტროლებს. მე ვფიქრობ, რომ “რუსთავი 2“ -ის ირგვლივ აჟიოტაჟი გადაჟარბებულია და ისევ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ანგაჟირებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.