პაატა ზაქარეიშვილმა საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს. მისი თქმით, აფხაზურ ენას, საქართველოს კონსტიტუციით, ქართულთან ერთად სახელნწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული.
„27 ოქტომბერი ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი დღე – აფხაზური ენის დღეა. მინდა, აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე. აფხაზებს, როგორც საქართველოს ავტოქტონ მოსახლეობას, განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ჩვენს საზოგადოებაში და ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე დიდი წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს მშენებლობაში. აფხაზურ ენას, საქართველოს კონსტიტუციით, ქართულთან ერთად, სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. ორივე ენის დაცვა და განვითარება სახელმწიფოს ვალდებულება და ამოცანაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ამოცანის შესრულება აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც აფხაზური ენა ქართულთან ერთად სახელმწიფო ენაა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კი ქართული ენა მშობლიურია.
მიუხედავად მზარდი სირთულეებისა, მიზნის მისაღწევად ქართულმა და აფხაზურმა საზოგადოებებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, რადგან აფხაზური და ქართული კულტურა მონათესავე, ახლო კულტურები არიან და ეს არის საერთო ინტერესი. ამავე დროს, შეუძლებელია, არ აღინიშნოს, რამდენად კონტრპროდუქტიული და წინდაუხედავი პოლიტიკა მიმდინარეობს ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვის მიმართულებით. საბჭოთა პერიოდშიც კი, როცა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ზეწოლა მძვინვარებდა, ვერ მოხერხდა აფხაზური ენის სხვა ენით ჩანაცვლება. ამგვარი მეთოდების შედეგები, როგორც წესი, უარყოფითად უბრუდნდება იმავე საზოგადოებას, რომელიც მათ ახორციელებს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები